სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ნელ-ნელა ხურდება და მეოთხე ტურიც მიილია. უდანაკარგო ერთადერთი გუნდია, ბრაზილიის ნაკრები და საქმეს ისეთი პირი უჩანს, „სელესაო“ ყატარის ბილეთების მოპოვებას ადვილად მოახერხებს.
ტიტეს გუნდი ამჯერად პრინციპულ მეტოქეს, ურუგვაის ესტუმრა. საინტერესოა, რომ „სელესტეს“ ბრაზილია მონტევიდეოში 2001 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია და ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. კორონავირუსით ინფიცირებული ლუის სუარესის გარეშე დარჩენილმა ურუგვაიმ ბრაზილიას დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პირველივე ტაიმში არტურისა და რიშარლისონის გოლებით სტუმრებმა 2:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ედინსონ კავანი გააძევეს. ბრაზილია სატურნირი ცხრილს 12 ქულით ლიდერობს, ხოლო ურუგვაის აქტივში 6 ქულაა.
არგენტინის ნაკრებსაც შესანიშნავი სტარტი აქვს და ლიონელ სკალონის გუნდმა ლიმაში პერუს ასევე 2:0 აჯობა, ამ შემთხვევაშიც გოლები ანტრაქტამდე გავიდა. გონსალესისა და ლაუტარო მარტინესის გოლებით „ალბისელესტემ“ ფასეული გამარჯვება მოიპოვა, რადგან პერუ შინ ანგარიშგასაწევი ძალაა.
მესამე ადგილზე ეკვადორის ნაკრებია 9 ქულით, რომელმაც მორიგი გამარჯვება შეინ კოლუმბიის ნაკრებთან მოიპოვა. თუმცა, მოგებაცაა და მოგებაც - ეკვადორელებმა ამაყ კოლუმბიელებს 6:1 გადაურბინეს.
ბოლივიის ნაკრებმა ზედიზედ სამი წაგების შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა და ასუნსიონში პარაგვაის დაუზავდა - 2:2. ჩილეს ნაკრებმა კი აქამდე უქულოდ მყოფ ვენესუელასთან წააგო.
პერუ - არგენტინა 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 გონსალესი (17), 0:2 მარტინესი (28)
ურუგვაი - ბრაზილია 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 არტური (34), 0:2 რიშარლისონი (45)
პარაგვაი - ბოლივია 2:2 (1:2)
გოლები: 1:0 რომერო (19, პენ), 1:1 მორენო (41), 1:2 კესპედესი (45), 2:2 კაკუ (72)
ვენესუელა - ჩილე 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 დელ პინო (9), 1:1 ვიდალი (15), 2:1 რონდონი (81)
ეკვადორი - კოლუმბია 6:1 (4:1)
გოლები: 1:0 არბოლედა (7), 2:0 მენა (9), 3:0 ესტრადა (32), 4:0 არეაგა (39), 4:1 ხამესი (45, პენ), 5:1 პლატა (78), 6:1 ესტუპნიანი (90)