ჯანო ანანიძე უკვე მესამე თვეა უკლუბოდ იმყოფება და ტრავმას მკურნალობს. მან ჯერ კიდევ გუშინ თქვა, რომ სავარაუდოდ, იანვარში 100%-ით მზად იქნება და ფეხბურთს დაუბრუნდება. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებები არ აქვს.
ანანიძემ რუსულ გამოცემა Sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემას შეეხლო, მათ შორის, მოსკოვის „სპარტაკს“, არტიომ ძიუბას სკანდალურ ვიდეოს და ა.შ. ცხადია, ისაუბრა ქართული ფეხბურთის შესახებ და სწორედ ამის თაობაზე ამონარიდებს წარმოგიდგენთ.
საქართველოში თამაში თუ რუსეთის მეორე ლიგაში...
„სპარტაკი 2-ში“ თამაში შემომთავაზეს, მაგრამ სავარაუდოდ უარს ვიტყვი. რუსეთის მეორე ლიგას არაფერს ვერჩი, მაგრამ მირჩევნია საქართველოში წავიდე და „დინამო თბილისში“ ვითამაშო, რადგან ვფიქრობ, ფორმაში იქ სწრაფად შევალ, ვიდრე დაბალ დივიზიონში. ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადებები არ მაქვს. მინდა „ბარსელონაშიც“ ვითამაშო, მაგრამ ჩემი სურვილი არაფერს წყვეტს.
ისტორიულ მატჩში დაკარგული შანსი...
რა თქმა უნდა, ვუყურე საქართველო - მაკედონიის მატჩს. ეს ტრაგედია იყო. არ ვიცი კიდევ როდის მოგვეცემა ასეთი შანსი, იმედი მავს, რომ მალე. ორივე გუნდს ისტორიის შექმნა შეეძლო და სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით. ძალიან ვღელავდი, მინდოდა ნაკრებს დავხმარებოდი. თავში მქონდა ფიქრები, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ ფორმაში შევიდოდი და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდი.
ხალხის აზრი...
არ მაინტერესებს ჩემს შესახებ რას წერენ. მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი ჩვეულებრივ ადამიანებთან. ჟურნალისტებთან თუ კლუბების დირექტორებთან. ამიტომ, ხალხის აზრი, რომელმაც არ იცის როგორ ვგრძნობ თავს, არ მაინტერესებს. შემეძლო „როტორში“ ყოფნა, მკურნალობა და ფულის შოვნა, მაგრამ ეს სწორი არ იქნებოდა. მე მათ თავიდანვე ვუთხარი, რომ თუ მუხლს ვერ მოვირჩენდი, კონტრაქტს გავწყვეტდი. ასე მოვიქეცი კვიპროსზეც. არ გეგონოთ, რომ ბევრი ფული მაქვს, ასე არ არის, მაგრამ მთავარი ადამიანური მიდგომაა, როდესაც დრო გავა და იმ ადამიანს შეხვდები, თვალებში ჩახედვა უნდა შეგეძლოს.
ტრავმიანობა...
დიახ, ჩემს ტრავმებზე ბევრს საუბრობენ ის ადამიანები, რომელთაც ფეხბურთი არასდროს უთამაშიათ. თითქოს, ჩემზე მეტად ვინმეს უნდა ტრავმები არ მქონდეს და მუდმივად ვითამაშო. ახლა ფეხბურთში ტრავის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია, უბრალოდ ზოგს მეტად უმართლებს, ზოგს ნაკლებად. თითქმის არარეალურია, რომ 21-ე საუკუნეში ფეხბურთში არსებული დატვირთვებისა და აგრესიული სტილის ფონზე ტრავმების გარეშე ითამაშო. ამიტომ არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი, რომელიც არ მიცნობს.
კარიერის დასაწყისში რას შეცვლიდა...
კარიერის დასაწყისში რომ ვიყო პირად მწვრთნელს ავიყვანდი, რომელიც ყოველთვის ჩემთან იქნებოდა, ინდივიდუალური პროგრამით მომამზადებდა, ვარჯიშების და მატჩების შემდეგ დამეხმარებოდა. დიეტოგოლსაც ავიყვანდი სწორი კვებისთის. ეს თანამედროვე სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ თავზე მუშაობა შესაძლებელია, მაგრამ ფეხბურთში წვრილმანები და ნიუანსები გადამწყვეტია.
ხვიჩა კვარაცხელია - "ვალენსიაში" ან "სევილიაში"...
ხვიჩა კვარაცხელია? ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ისეთი თვისებები აქვს, რაც ბევრს არ აქვს, საკუთარი თავის მოტივატორია. ვიცნობ და ვიცი, რომ მოკრზალებული ბიჭია. მთავარია, რომ ტრავმებმა არ შეაწუხოს. მაგალითად, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში გადავიდა და მასში „დორტმუნდი“ 20 მილიონსაც იხდიდა, მაგრამ არ გაუშვეს. შემდეგ მუხლის ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით დაბრუნებას ვერ ახერხებს. ხვიჩა ისე თუ ითამაშებს, როგორც ახლა თამაშობს და თანაც ტრავმების გარეშე, დარწმუნებული ვარ ტოპ 5 ჩემპიონატში მოხვდება. რამდენიმე სეზონში მარტივად შეუძლია პირობითად „სევილიაში“ ან „ვალენსიაში“ გადასვლა. მას წარმატებებს ვუსურვებ, ბევრი რამ შეუძლია.
ჯიქია რუსეთის ნაკრებში, ჯანო და კვირკველია საქართველოს ნაკრებში...
რატომ აირჩია გიორგი ჯიქიამ რუსეთის ნაკრები, ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ. სოლომონ კვირკველია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, გიორგი კი მოსკოვში დაიბადა და სკოლაშიც აქ დადიოდა. ამის გაგება შესაძლებელია, მას არავინ ადანაშაულებს. მოსკოვმა ყველაფერი მისცა და ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, არსებობს ლეგიონერების ლიმიტიც, აქედან გამომდინარე სწორი ნაბიჯი გადადგა. მე და სოლომონმა კი მთელი ბავშვობა საქართველოში გავატარეთ და რუსეთის ნაკრებში თამაში სწორი არ იქნებოდა. ამასთან არის კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. როგორც თავად მითხრა, როდესაც „ამკარში“ თამაშობდა, არავის დაურეკავს მისთვის საქართველოდან, მაგრამ როგორც კი „სპარტაკში“ გადავიდა მაშინვე დაურეკეს. ეს არ არის სწორი. თუ ქართულ გვარდ სადმე შეამჩნევ, დაუყოვნებლივ უნდა დაინტერესდე. ამიტომაც, ჯიქიამ იქ თამაში გადაწყვიტა, იმ ადგილზე, რომელმაც ყველაფერი მისცა“, - თქვა ანანიძემ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძეს ქართულ კლუბში არასდროს უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა. ჯანოს საკლუბო კარიერაში მოსკოვის „სპარტაკი“, „როსტოვი“, „კრილია სოვეტოვი“, „ანორთოსისი“ და „როტორი“ იყვნენ, მაგრამ ამ კლუბის მაისურით ერთხელაც არ უთამაშია.