მას შემდეგ, რაც მძიმე წონაში WBC-ს ჩემპიონს, ბრიტანელ ტაისონ ფიურის, პრეტენდენტმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა, მესამე ბრძოლის თარიღი რამდენჯერმე გადაატანინა, ფიურიმ სხვა მეტოქეს დაუწყო ძებნა, რათა 5 დეკემბერს, ლონდონში შეხვედროდა.
შესაბამისი მეტოქეც შეირჩა - გერმანელი აგიტ კაბაიელი. მაგრამ როგორც ჩანს, 32 წლის ბრიტანელმა ის შესაფერის მეტოქედ არ მიიჩნია და გამოაცხადა, რომ წელს რინგზე გამოსვლას აღარ აპირებს.
„ჯიპსი კონგი (ფიური) 2021 წელს დაბრუნდება. და ჩემთან დიდების მომენტში მხოლოდ ისინი იქნებიან, ვისგანც 100-პროცენტიანი მხარდაჭერა მქონდა, როცა კრივს დავუბრუნდი“, - საკუთარ ტვიტერზე დაწერა ფიურიმ, ვინც ბოლოს თებერვალში იბრძოლა და ლას ვეგასში მეშვიდე რაუნდში, ნოკაუტით მოუგო უაილდერს.
ფიურის არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ აუქმებს დეკემბრის ბრძოლას, ან მომავალ წელს მისი პირველი მეტოქე ვინ იქნება. დიდი ვარაუდით, ის მაინც უაილდერთან მესამე შეხვედრას დათანხმდება. და თუ თავისი ტიტული დაიცვა, შემდეგ ენტონი ჯოშუასთან შეხვედრას ეცდება, ვინც WBA-ის, IBF-ის, WBO-ის და IBO-ის ტიტულებს ფლობს.
პრომოუტერმა ფრენკ უორენმა დააზუსტა, რომ ფიურის პირველი ბრძოლა პირველ კვარტალში დაინიშნება და ის ან ბრიტანეთში, ან შეერთებულ შტატებში ჩატარდება.
უნდა ითქვას, რომ უაილდერთან დადებული კონტრაქტით, აემერიკელს მესამე ბრძოლის მოთხოვნის უფლება აქვს. და ის ამ უფლების დამტკიცებას საარბიტრაჟო სასამართლოში ელის. და დავარაუდოდ, ფიურის მეტოქე სწორედ ის იქნება.
რაც შეეხება ჯოშუას, ის თავის უახლოეს ბრძოლას ბულგარელ კუბრატ პულევთან, 12 დეკემბერს, ლონდონში გამართავს.







