ფეხბურთი

23:23 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინ კაპაროსი: "საქართველო შესანიშნავი გუნდია და აქ მოგება ადვილი არ იყო"

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ადვილი თამაში არ ჰქონდათ და მოგება გაუჭირდათ, მაგრამ ძალიან ბედნიერები არიან.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან უდიდესი სამუშაო გასწიეს და ბრწყინვალე შედეგს მივაღწიეთ. ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ ეროვნული გუნდის მაისურს სიამაყით ატარებდნენ. თამაშამდე მოგების იმედი გვქონდა და ეს მოლოდინი გავამართლელთ. საქართველოს ნაკრები შესანიშნავი გუნდია, 5 წელია ისინი ერთად მუშაობენ და შეთამაშებულნი არიან. თამაში ჩვენთვის იოლი არ ყოფილა, გაგვიჭირდა კიდეც, მაგრამ შედეგით ძალიან ბედნიერები ვართ.

დიახ, ერევანში არ ვბრუნდებით და პირდაპირ კვიპროსზე მივდივართ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ძალიან რთული თამაში გველოდება, მაგრამ ზუსტად ისე მივუდგებით, როგორც აქამდე ყველა თამაშს ვუდგებოდით. ადრეც ვთქვი, რომ ეს ჯგუფი ძალიან თანაბარია და თამაშებსაც ეტყობა, რადგან ყველა მატჩი დაძაბულია“, - თქვა კაპაროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში 5 ტურის თავზე 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზე გასვლის, შესაბამისად, B დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა. მომდევნო მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი 18 ნოემბერს, თბილისში ესტონეთთან გამართავს, რომელშიც სლოვაკი სპეციალისტი ბოლოჯერ უთავკაცებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს. ეს იქნება ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებისა და 2020 წლის ბოლო მატჩიც.

0.128246