ფეხბურთი

10:22 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცხოვრება გრძელდება, B დივიზიონი მნიშვნელოვანია

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მარცხის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ალბათ ყველაზე ხშირად ეს სიტყვები ახსენა - ცხოვრება გრძელდება. ასეა, ნამდვილად არ ცდება, ცხოვრება გრძელდება და საქართველოს ნაკრებმა წინსვლა უნდა გააგრძელოს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული თამაში უკვე წაგებულია და დროის მანქანა არ გვაქვს უკან დასაბრუნებლად. ამდენად, ახალ გამოწვევებს უნდა შევეჭიდოთ.

წინ ერთა ლიგის C დივიზიონის დასკვნითი ორი მატჩია, რომელიც ორივე მოსაგებია. ვიცით და გვესმის, რომ მძიმე და რთული განწყობაა, მაგრამ ძალების მობილიზება აუცილებელია. ახლა, აქაც ფეხის დაცდენა მართლაც ძალიან მტკივნეული იქნება. კი, მართალია, საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი შესაძლოა დარჩენილი ორივე თამაშის მოგებითაც ვერ დაიკავოს, მაგრამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს, დანარჩენი ისევ ჩრდილოეთ მაკედონიაზეა დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრები დღეს სომხეთს უმასპინძლებს. სხვათა შორის, სატურნირო ცხრილში ძალიან საინტერესო ვითარებაა. ჩვენ და მაკედონიელებს 6-6 ქულა გვაქვს, ხოლო სომხებს - 5. შესაბამისად, სომხეთის ნაკრებს დიდი მოტივაცია გააჩნია, თუ ორივე თამაშს მოიგებს, B დივიზიონში უეჭველად სომხეთი გადავა, ანუ ისინი საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. ჩვენ არ ვართ საკუთარ თავზე დამოკიდებული, რადგან მაკედონიის ნაკრებს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი. ამდენად თუ ერთნაირი ქულებით დასრულდება ჯგუფური ეტაპი ბურთების ბალანსს მნიშვნელობა ექნება (ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობა - 1:1, 1:1). ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა არათუ უნდა მოიგოს, არამედ რაც შეიძლება უკეთესი ანგარიშით მოგება უნდა სცადოს.

რთული იქნება, მაგრამ თავი უნდა ავწიოთ და ეს მატჩები რეაბილიტაციისთვის მოვიგოთ. ფეხბურთელებიც ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდში კარგი ატმოსფერო იყო და თუ მართლაც ასე იყო, მაშინ სლოვაკი სპეციალისტი წასვლამდე კარგად უნდა გააცილონ. იგივე ითქმის სამწვრთნელო შტაბზეც - მათაც შეუძლიათ ეს მიღწევა მაინც ჩაიწერონ აქტივში და ნაკრები კიდევ ერთი დივიზიონით დააწინაურონ, რაც მართლაც არ იქნება ურიგო შედეგი.

ვნახოთ, რა და როგორ - საღამოს გვეცოდინება. მანამდე საქართველოს ნაკრები ამ მატჩისთვის მოემზადა, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შეგელიას გარეშე. გიორგი ქვილითაიას და მურთაზ დაუშვილს დისკვალიფიკაციის გამო თამაშის უფლება არ აქვთ და ეს დამატებითი დანაკლისია. სომხეთის ნაკრებსაც არ ულხინს, რომელსაც ჰენრიხ მხითარიანი არ ჰყავს - დიდი ძალა გამოეცალა ხოაკინ კაპაროსს, რომელმაც ნაკრებში მის პერიოდში პირველად მიიწვია გერმანული „ჰოფენჰაიმის“ ფორვარდი სარგის ადამიანი. თბილისში მეტოქე 23 ფეხბურთელით იმყოფება, წამოსვლამდე კორონავირუსი ედგარ ბაბაიანს და აღვან პაპიკიანს დაუდასტურდათ და ცხადია, ისინი გუნდს დააკლდნენ. მოკლედ, საკადრო პრობლემები ორივე ბანაკშია.

ვაისმა მატჩის წინ დაანონსა, რომ შემადგენლობაში 5-6 ცვლილება იქნება, რაც ლოგიკურია. გარდა ფსიქოლოგიური ასპექტისა, თამაში სამი დღის თავზეა და ეს ფიზიკური ენერგიასაც მოითხოვს. ჩვენი ვერსიით, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ტაბიძე; კანკავა, კვეკვესკირი; ლობჟანიძე, აბურჯანია, დავითაშვილი; ოქრიაშვილი

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრები სომხეთს პირველად 1997 წლის 30 მარტს თბილისში გაეჯიბრა და 7:0 გაანადგურა. შოთა არველაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მისმა ტყუპისცალმა არჩილ არველაძემ დუბლით გამოიჩინა თავი, ხოლო გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა თითო გოლი მიითვალეს. სხვათა შორის, ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული თამაშია, ხოლო სომხეთისთვის 2019 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი იყო.

მეორე დაპირისპირება უკვე კვიპროსის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე შედგა. ლარნაკაში, 2000 წლის 6 თებერვალს ზაზა ჯანაშიას სწრაფ გოლს ტაიმის მიწურულს ვარდან ხაჩატრიანმა უპასუხა, ხოლო გამარჯვების გოლი ზურაბ მენთეშაშვილმა 55-ე წუთზე გაიტანა და საქართველომ სომხეთთან პირად მატჩებში უპირატესობა გაზარდა. იმავე წლის 26 აპრილს გუნდები უკვე ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს და სპარინგი უგოლოდ დასრულდა.

2004 წლის 21 თებერვალს, ისევ კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე სომხეთმა ჯერჯერობით პირველი და ბოლო გამარჯვება მოიპოვა. არმან კარამიანმა და ართავაზ კარამიანმა ზურაბ მამალაძის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.

ბოლოსწინა 2011 წლის 9 თებერვლით თარიღდება. იმხანად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ ერევანში ალექსანდრე იაშვილისა და დავით სირაძის პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით იმარჯვეს. მეორე ტაიმში ედგარ მანუჩარიანმა პენალტით სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა 2:1 იმარჯვა.

ერთი თვის წინ ეს ნაკრებები პოლონეთში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც სომხეთი მასპინძლის სტატუსით იყო და ალბათ კარგად გეხსომებათ შედეგი - 2:2. თამაში, რომელიც პრაქტიკულად მოგებული გვქონდა, ბოლო წუთებზე გავუშვით პენალტით და თან ძალიან ბევრი რეალური საგოლე შანსი გვქონდა, მაშინ, როდესაც მეტოქემ მომენტების მაქსიმალურად რეალიზება მოახერხა.

ერთა ლიგა

ერთა ლიგაზე ერთი რამ უნდა ვთქვათ, რაც შეიძლება მოტივაციად გამოვიყენოთ. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის ისტორიში ჯერაც ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც წაგება არ აქვს (6 მოგება, 4 ფრე). დიახ, ასეა. პორტუგალიაც იგივე შედეგით იწონებდა თავს, მაგრამ გუშინ საფრანგეთთან დამარცხდა და დაუმარცხებელი მხოლოდ საქართველოს ნაკრები შემორჩა. რა თქმა უნდა, დონე და დივიზიონები სხვა და სხვაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ასე, რომ კიდევ ერთი მოტივაციაც ეს არის - გავაგრძელოთ დაუმარცხებელი სერია, ოღონდ გამარჯვებით. ეს გვჭირდება და აუცილებელია. უკან ყურებას კი აზრი აღარ აქვს...

0.115645