ჩოგბურთი

3:38 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა სოფიას ტურნირი მოიგო

სოფიას ღია პირველობა იტალიელი ამომავალი ვარსკვლავის, იანიკ სინერის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში მან კანადელი ვასეკ პოსპიშილი 6-4 3-6 7-6(3) დაამარცხა და ბოლო 12 სეზონში, ATP-ს ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

19 წლის სინერი პირველად გავიდა ATP-ს ტურნირის ფინალში. მან თავიდანვე შეუტია მეტოქეს და პირველივე გეიმში, სამი ბრეიკ პოინტი მიიღო. პოსპიშილმა სამივე მოიგერია, მაგრამ მესამე გეიმში იტალიელმა თავისას მაინც მიღწია და ბრეიკით დაწინაურდა.

ეს პირველი სეტის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. მეორე სეტიც სინერის შეტევით დაიწყო და მან თავიდანვე მოიგო მეტოქის გეიმი. მაგრამ ამჯერად კანადელმა მალევე პასუხი გასცა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ერთხელაც გატეხა მეტოქე მისსავე მოწოდებაზე და სეტებში ანგარიში გაათანბრა.

გადამწყვეტი სეტი დაძაბული გამოდგა. ვერცერთმა ვერ მოახერხა მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და თამაში ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც სინერმა ნაკლები შეცდომა დაუშვა, მეტოქის მიერ კორტის მიღმა ჩაგდებული ბურთის წყალობით, გადამწყვეტი ქულა მოიპოვა და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა.

ბოლოს სინერზე ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ATP-ს ტურნირი 2008 წელს მოიგო - მაშინ 18 წლის კეი ნიშიკორიმ დელრეი ბიჩის ღია პირველობა მოიგო. სინერი ამ სეზონში მეექვსე ჩოგბურთელია, რომლებმაც ATP-ს ტურნირი პირველად მოიგეს.

0.119083