ფეხბურთი

2:00 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მუჯირი: "ბოდიში თუ არასწორად გაიგეთ ჩემი ნათქვამი, გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი TV პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მან ფეისბუქში დაწერა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა. მუჯირის განცხადებით, იქამდე, სადამდეც ნაკრები მივიდა, გულშემატკივრების დიდი დამსახურება იყო.

"მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომლის შეცდომაში შეყვანასაც მიზანმიმართულად ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება ჩემი გუშინდელი კომენტარით აპელირება.

პირველ რიგში, ჩვენ ქომაგებს ვუხდი ბოდიშს, იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. გულშემატკივარი, ფეხბურთის მე-12 მოთამაშე, არის ის ძალა, რომლითაც პირადად მე და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის ვამაყობთ და ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მათი უდიდესი დამსახურებაა იმაში, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

არასოდეს დავიღლები მათთვის მადლობის გადახდით. გუშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო სწორედ ქართული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარისთვის. თუმცა, აქვე მათთვის განვმარტავ, რომ ის მოვლენები, რომელიც საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან ხდებოდა, არანაირ კავშირში არ იყო ქართულ ფეხბურთთან. 13 ნოემბერს ფედერაციის შენობასთან არც ერთი ნამდვილი გულშემატკივარი არ იდგა. იქ იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. სწორედ მათი მისამართით იქნა ნათქვამი ის ფრაზები, რომლით აპელირებასაც ახლა ცდილობენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართულ ფეხბურთს ჰყავს გამორჩეული ქომაგი, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას თავის საყვარელ გუნდს. აღვნიშნავ, რომ ქართველი ქომაგის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხვალინდელ მატჩზე, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ ბიჭებს სწორედ ახლა, ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა", - წერს მუჯირი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მან გუშინ გააკეთა განცხადება, რომ მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხის და მედიის ვალდებულებაა, დღეს არ იგრძნობა და შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა, რადგან ქვეყანა ჯერ მზად არ არის. სწორედ ამ სიტყვების საპასუხო იყო ის განცხადება, რომლის ციტირება ზემოთ წარმოგიდგინეთ.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან აქტივისტებსა და სფფ-ს რამდენიმე თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

0.119564