თითქოს გაუარესებული ასფალტი არ კმაროდა და დღეს, თურქეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციისთვის, ისტანბული და მასთან ერთად, მისი სარბოლო ტრეკიც, წვიმამ დაასველა. თან თითქოს ჯიბრზე, წვიმა სწორედ რბოლისთვის გაძლიერდა, რის გამოც, კვალიფიკაციის პირველ ნაწილში, რბოლა წითელი შუქით გაჩერდა.
შექმნილ სიტუაციას ყველაზე კარგად ალღო „რეისინგ პოინტმა“ და მისმა ლანს სტროლმა აუღეს. კანადელმა პილოტმა თავის კარიერაში პირველად შეძლო პოულ პოზიციის მოპოვება. მისი თანაგუნდელი კი მესამე ადგილს დასჯერდა. „ვარდისფერმა მერსედსებმა“ ნამდვილი „მერსედესები“ ჩაანაცვლეს, შუაში კი ისევ მაქს ფერსტაპენი ჩადგა, ვისაც ამ სეზონში პირველ პოულამდე 0.290 წამი არ ეყო.
ამ მოგებით, სტროლმა სამქიმიანების საკვალიფიკაციო დომინაცია შეაჩერა - გერმანულ გუნდს, რომელმაც კონსტრუქტორთა ჩემპიონის წოდება წინა ეტაპზე გაინაღდა, აქამდე ზედიზედ 14 კვალიფიკაცია ჰქონდა მოგებული.
იმ დროს, როცა 22 წლის სტროლმა თავისი კარიერის საუკეთესო რბოლა ჩაატარა, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი მეექვსე ადგილს დასჯერდა. მისი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი კი - მეცხრეს. ათეულში „ფერარის“ ვერცერთი პილოტი ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, იქ „ალფა რომეოს“ ორივე პილოტი შევიდა.
„სიტყვები არ მყოფნის, შოკირებული ვარ. ამას არ ველოდი. პრაქტიკულად ყველა მოსახვევი დავიჭირე. რამდენიმე მძიმე კვირის შემდეგ, ეს შესაშური გაგრძელებაა. ჩემთვის ეს გამორჩეული მომენტია, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა“, - განაცხადა სტროლმა, ვინც მარკ ვებერთან სახელდახელო ინტერვიუს წინ, კამერას მიაძახა - „მე მიყვარს ჩემი სამუშაო“.
თურქეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1'47.765
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.290
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.556
- ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 2.683
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 3.830
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 4.795
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 4.857
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 4.980
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 5.493
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 9.461
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 7.180
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 7.404
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 7.645
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 8.931
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 10.791
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 20.242
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 21.305
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 25.144
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 33.846
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 22.252