ფეხბურთი

20:10 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დაწყებამდე წაგებული თამაში...

ცხელ გულზე საუბარს ყოველთვის ცივ გონებაზე საუბარი ჯობს. ჯერ 24 საათიც არ გასულა და ბუნებრივია, ემოცია ისევ არ ჩამცხრალა, კიდევ დიდხანს გვემახსოვრება ეს მტკივნეული მატჩი, მაგრამ მაინც სათქმელი უნდა ითქვას.

დიდი ხანი ველოდით ამ თამაშს, კორონავირუსის პანდემიამ ლოდინის რეჟიმი კიდევ უფრო გაახანგრძლივა. 12 ნოემბერიც დადგა, ზუსტად ორი წლის წინ დაწყებული გზა ტრიუმფით უნდა დასრულებულიყო. გამარჯვება ნამდვილად იქნებოდა ტრიუმფი, სწორი შესატყვისია, მაგრამ მეორეს მხრივ - მარცხი ფიასკოა.

თანამედროვე ფეხბურთში უბრალოდ არ არსებობს უფრო მარტივი გზა რომ მოხვდე იქ, სადაც ყოფნა ყველას სურს. უეფას საჩუქარი, რომელიც დაბალი დონის საფეხბურთო ქვეყნებს უბოძა, ვერ გამოვიყენეთ. თამაშზე მოსაყოლი არაფერია, საქართველოს ნაკრებს 90 წუთი ჰქონდა, მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია - ვერც რომელიმე გამოუყენებელ მომენტს მივტირით და არც ის გვაქვს ალიბად, რომ მსაჯს რაიმე შეეშალა. არა, ასე არ ყოფილა. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად წააგო. წაგებით ბევრს წაუგია, მათ შორის ფინალიც და ფეხბურთიც ასეთია - ვიღაც იმარჯვებს და ვიღაც მარცხდება, ამაში ახალი არაფერია. მაგრამ, საინტერესო ისაა, რატომ წააგო ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა „ცხოვრების მატჩი“ ასე, უბრძოლველად.

შეცდომები და თამაშის მონახაზის გარეშე

სოციალურ ქსელში არაერთი სახის მოსაზრება შემხვდა, ზოგი პირდაპირ ვლადიმირ ვაისზე ტეხს ჯოხს, ზოგიც ფეხბურთელებზე, ზოგიც ფედერაციაზე, ზოგიც სამივე მათგანზე და ბუნებრივია, ყველა ამ მოსაზრებას ლოგიკური საფუძველი გააჩნია.

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბევრი ფაქტორის გამო წააგო და ეს არ არის მხოლოდ წმინდა სპორტული გარემოებები. ვლადიმირ ვაისი უნაკლო მწვრთნელი არ არის, მეტიც, ამ 5-წლიან პერიოდში მას ბევრი შეცდომა ჰქონდა, რომელმაც ბევრი ქულები დაგვაკარგვინა. მეორეს მხრივ, სლოვაკმა ნაკრებს სხვებთან შედარებით მეტი სტაბილურობა ნამდვილად შესძინა.

მისი მთავარი მინუსი მაინც შეცვლებია. ის, რაც გუშინ მოხდა, უბრალოდ დაუჯერებელია. გოლი 56-ე წუთზე მივიღეთ და მაშინვე თადარიგში მყოფი ორი ყველაზე სწრაფი და კრეატიული მოთამაშე გასახურებლად გაუშვა. ვფიქრობდით, აი, წუთი-წუთზე და ისინი თამაშში ჩაერთვებოდნენ. ასე არ მოხდა, ზურიკო დავითაშვილი მხოლოდ ბოლო წუთზე შეიყვანა და უფრო დროის გაყვანა გამოუვიდა, საბა ლობჟანიძე საერთოდ არ გამოიყენა. თამაშის შემდეგ თქვა, რომ შეტევაში მეტი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ თადარიგში უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთელები არ გვყავდაო... ვერ დავეთანხმები, ახლა ზურიკო დავითაშვილი გაცილებით კარგ ფორმაშია, ვიდრე ვაკო ყაზაიშვილი. ამ უკანასკნელს დიდი რეგრესი აქვს და მწვრთნელმა ჩემზე, შენზე და ყველაზე უკეთ უნდა იგრძნოს კონკრეტულ მომენტში ვინ უფრო არის მზად სათამაშოდ და ვინ - არა.

თორნიკე ოქრიაშვილის ოქროს წლებიც ჩავლილია. მონდომებული იყო, მაგრამ მისი მარგი ქმედება არ გვინახავს. სხვათა შორის, გაშვებულ გოლშიც მისი ბრალეულობა დიდია - ბურთი დაკარგა და მაკედონიელთა საგოლე კონტრშეტევა დაიწყო, რომლის დროსაც გორან პანდევი აუცილებლად თამაშგარე მდგომარეობაში იქნებოდა, ლაშა დვალი ოდნავ უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო. ცხადია, ასეთი სახის შეცდომები ბევრს მოსვლია და ბევრს მოუვა, ამით არაფრის თქმა არ გვსურს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნეთ.

ვაისის ვიზავიმ თამაში კარგად დაგეგმა, პირველ ტაიმში ყველა კოზირი დამალა (შეიძლება ითქვას, ამ გუნდების წინა ორ თამაშშიც) და მაღალი კლასიც ფეხბურთელებიც იდეალურად გამოიყენა. ცნობისთვის, გატანილ გოლში სამი ფეხბურთელი მონაწილეობდა და სამივე სერია A-ში თამაშობს - ელიფ ელმასი, ილია ნესტოროვსკი და გორან პანდევი. ჩვენი დაცვის ხაზი არადამაჯერებლად გაისარჯა, კვირკველიამ პოზიციური შეცდომა დაუშვა, დვალმა თამაშგარედან ამოსვლა ვერ მოასწრო, ოთარ კაკაბაძემ და ჯაბა კანკავამ ელმასი ვერაფრით შეაჩერეს. ძალიან კარგად და ნათლად იკითხებოდა, რომ თამაშს ერთი გოლი მოიგებდა, ამიტომ, კარის დაცვა ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო. ეს ვერ მოვახერხეთ.

საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორი მთავარი ფიგურა დააკლდა. როგორ მოვედით ფინალამდე? ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმა გადაწყვიტა ყველაფერი, ნახევარფინალში - ხვიჩა კვარაცხელიას. ბედის ირონიით, გიორგი ტრავმირებული იყო, ხვიჩას კორონავირუსი თამაშის წინა დღეს დაუდგინდა და ესეც ძალიან დიდი დარტყმა იყო გუნდისთვის. სხვათა შორის, მის ყველაზე რეალურ შემცვლელად ლევან შენგელია მიიჩნეოდა და ისიც ინფიცირებული აღმოჩნდა...

დანაკლისი მაკედონიასაც ჰქონდა, მარტო ენის ბარდის ხსენება რად ღირს. საინტერესო ის არის, რატომ იყო საქართველოს ნაკრები დამოკიდებული 19 წლის ბიჭზე? კვარაცხელია მაგარ ფორმაშია და მისი იმედი ყველას გვაქვს, მაგრამ მან ნაკრებში თამაში სულ ორი თვეა რაც დაიწყო და შეუძლებელია, კარგი გუნდი დამოკიდებული იყოს ერთ მოთამაშეზე. თანამედროვე ფეხბურთში თამაშებს ასეთი გუნდები ვერ იგებენ და ვერც მოვიგეთ. უნდა ყოფილიყო სათადარიგო გეგმა, რომელიც როგორც გამოჩნდა, არ გვქონდა. საუბედუროდ, ჩაკვეტაძისა და ვფიქრობ, უფრო მეტად კვარაცხელიას არყოფნამ, უდიდესი გავლენა იქონია, ნაკრებს შეტევაში მოაკლო სისწრაფე, სისხარტე, მრავალფეროვნება, კრეატივი და საქართველოს ნაკრების თამაში გახდა ძალიან მძიმე, ერთფეროვანი, რომელიც ცენტრფორვარდზე გრძელ პასებზე იყო აგებული - სხვა გუშინდელ თამაშში არაფერი გვინახავს.

ამის ფონზე კიდევ უფო გასაკვირია ვაისის არჩევანი, რომ დავითაშვილისა და ლობჟანიძის გამოყენებაზე უარი თქვა. ვლადიმირ ვაისმა, რომელიც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განადგურებული იყო და ადამიანურად მართლა გვესმის მისი (განადგურებულია ქართველი გულშემატკივარიც), შეცვლები დააგვიანა და არასწორად გააკეთა, ეს თავადაც აღიარა.

მან თქვა, რომ მიდის - ორი თამაშიც და ახალი მწვრთნელი გეყოლებათო. არ ვიცი, ეს „კინო“ ბევრჯერ გვინახავს, ბევრი მწვრთნელი წასულა, მოსულა, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა. ფაქტია, პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე მთავარი მწვრთნელი ან კონკრეტული ფეხბურთელი. ყველაფერი ასე ზედაპირული არ არის.

მენტალური პრობლემა

კონკრეტულად გუშინდელ ისტორიულ ფინალში მენტალობის პრობლემა უფრო გვქონდა, მოედანზე ბრძოლაც ვერ დავინახეთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლდათ, მაგრამ ნერვიულობამ ყველაფერი გადაფარა. ასე მგონია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მეტისმეტად ნერვიულობდნენ, რამაც რა თქმა უნდა, გავლენა იქონია. ეს იგრძნობოდა, პირველივე წუთიდან, მქონდა შთაბეჭდილება, რომ ყოველი პასის თუ ბურთის გაჩერების მომენტში ყველა ნერვიულობდა, აბსოლუტურად ყველა...

მივდივართ მენტალურ პრობლემამდე. საქართველოს ნაკრები არ აღმოჩნდა მზად გამოეყენებინა ოქროს შანსი. არავინ იცის, ნანატრი მიზანი ასე ახლოს როდის იქნება, ამიტომ, თამაშამდე სათანადოდ მომზადება აუცილებელი იყო. ფიზიკური კონდიციების გარდა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია მორალური მომზადება და სწორედ აქ წავაგეთ. სტუმრები დარწმუნებულნი იყვნენ თამაშამდე გამარჯვებაში, ამას არც მალავდნენ, ჩვენს ბანაკში სხვა განწყობა იყო, არ შეინიშნებოდა ის განწყობა და ის ემოცია, რაც მაკედონიელთა ბანაკში იყო და ეს თამაშზეც აისახა. არ ვიცი ეს რის გამო მოხდა, არ ვიცი რამდენად არის ეს მხოლოდ ნერვიულობის ბრალი.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი ფინალი იყო. ცხადია, ფინალი განსხვავდება სხვა მატჩებისგან და განსხვავებული მომზადება, მიდგომა სჭირდება. ფინალსაც ვერ მივუდექით სწორი მენტალიტეტით და ამიტომაც არ ვიყავით მზად გამარჯვებისთვის.

დაწყებამდე წაგებული თამაში...

ქართველებმა თამაში მინდორზე წააგეს, მაგრამ წააგეს თამაშამდე. არ შეიქმნა ის ფონი, ის გარემო, რაც საჭირო იყო. ცხადია, ქართველ გულშემატკივარს ეს არ უკავშირდება, ისინი ყველაფერს იდეალურად აკეთებდნენ, ბიჭებს ყველაფერი აგრძნობინეს. აგრძნობინეს, რომ ცარიელი ტრიბუნების მიუხედავად მათ გვერდით იქნებოდნენ. თუმცა, მხოლოდ ისინი საკმარისი არ გამოდგნენ. შედარებისთვის, მაკედონიაში ამ თამაშისთვის სხვა და სხვა ღონისძიებები დაიგეგმა, თბილისში მსგავსი არაფერი ყოფილა... არავის უზრუნია თუნდაც სამოტივაციო ვიდეოკლიპზე ან ელემენტარულ მიმართვაზე... ვფიქრობ, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა თავი მარტო იგრძნეს, თანაც ცალ-ცალკე.

შეიძლებოდა ამ თამაშზე 15 ათასი ადამიანის დასწრება, ან უფრო ცოტაც, თუნდაც სიმბოლური რაოდენობის გამო, მაგრამ სანაცვლოდ მივიღეთ ცარიელი ტრიბუნები და კატეგორიული განცხადება, რომ სპორტი ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მნიშვნელოვანი არ არის. მივიღეთ განცხადება, რომ საპროტესტო აქციებზე ხალხის ყოფნის შეზღუდვის უფლება არ აქვთ, მაგრამ ფეხბურთზე ამის გაკეთების უფლება აქვთ, რადგან ის უბრალოდ თამაშია.

მე ასე ვიტყოდი, რომ ქართველი გულშემატკივრებისთვის ფეხბურთი უბრალოდ თამაში არ არის, ეს გაცილებით მეტია, ეს იდენტობაა და იდენტობის გარეშე არც ადამიანია ვარგისი და არც ქვეყანა. მითუმეტეს ახლა, ასეთ მატჩზე, რომელსაც საქართველო დამოუკიდებლობის მიღების წუთიდან ელოდა. სამწუხაროა, დასანანია, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს თავი მარტო ეგრძნოთ, გულშემატკივრებს თავი ზედმეტად - ასე მოგვექცნენ. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ მენტალურ განწყობაზე ამანაც იქონია გავლენა.

საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს, მთავარ მწვრთნელსაც შეეძლოთ გმირები გამხდარიყვნენ, მაგრამ ფსიქოლოგიურ წნეხს, სწორედ ამ შესაძლო სტატუსს ვერ გაუძლეს. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, იქნება ახალი მწვრთნელი, შესაბამისად, ახალი იმედი... ვნახოთ, ყველაფერს მომავალი გამოაჩენს. მანამდე კი ცხოვრების თამაში წავაგეთ და თანაც მის დაწყებამდე.

საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (დავითაშვილი 90); კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი, გვილია (პაპუნაშვილი 80), ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90); კაჭარავა (ლობჯანიძე 80)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ჩრდ. მაკედონია (3-4-1-2): დიმიტროვსკი; ბეიტულაი, მუსლიუ, ველკოვსკი; რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ადემი (შპიროვსკი 67), ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ალიოსკი; ელმასი; პანდევი, ნესტოროვსკი (ტრიჩკოვსკი 89)

მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

გოლი: 0:1 პანდევი (56)

გაფრთხილება: კაშია (75), ოქრიაშვილი (78) - ნიკოლოვი (62), ნესტოროვსკი (82), კოსტადინოვი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 6 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

0.113701