ფეხბურთი

15:23 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სად წავა კრიშტიანუ?

ორშაბათ საღამოს პორტალმა Sport.es-მა სენსაციური ახალი ამბავი გამოაქვეყნა. „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას აპირებსო...

წყაროს ინფორმაციით, კორონაპანდემიის პირობებში ტურინული კლუბი ხარჯების შემცირების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ერთ-ერთი და ყველაზე რეალური პორტუგალიელი მთავარვარსკვლავის გაყიდვაა, რომელიც გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ჯამაგირად წელიწადში 31 მილიონ ევროს უხდიან.

„იუვენტუსი“ უკვე მომავალ ზაფხულს ეცდება ნაწილი მაინც დაიბრუნოს იმ თანხიდან (100 მილიონი ევრო), რომელიც „რეალს“ გადაუხადა 2018 წელს რონალდუში.

და ვინ იყიდის 35 წლის მოთამაშეს ამხელა ანაზღაურების გამო?

ჯერ ვთქვათ როგორ მიდის ბოლო დროს პორტუგალიელის კარიერა. ამ მხრივ, ჩანს, პრობლემები არ არსებობს. გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მან 33 მატჩში 31, ქვეყნის თასზე ორი და ჩემპიონთა ლიგაში ოთხი გოლი გაიტანა. ნაკრებშიც უმატებს და უმატებს, 2019 წელს 14-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი.

2020-21 წლის სეზონიც კარგად დაიწყო. პირველივე ტურში „სამპდორიას“ გაუტანა, შემდეგ კი „რომასთან“ დუბლი გაიფორმა. მერე ყველაზე ვერაგი მტერი, კორონავირუსი დაამარცხა. ერთთვიანი პაუზის თავზე დაბრუნებულმა, ისევ დუბლი მიითვალა (ორიდან პირველი გოლი მინდორზე გასვლიდან სამ წუთში გაიტანა). ახლა მას ოთხ მატჩში ექვსი გოლი მოუგროვდა. სულ „იუვენტუსის“ მაისურით კრიშტიანუმ 94 შეხვედრა ჩაატარა, 71 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მოკლედ, ასაკის მიუხედავად, რონალდუს შედეგიანობა არ კლებულობს.

მაშ, სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა? ყველაზე სავარაუდოდ „პარი სენ-ჟერმენი“ მოჩანს, რომელსაც დღეისათვის ალბათ საუკეთესო ფინანსური მდგომარეობა აქვს. პორტუგალიელი შეიძლება კილიან მბაპეს იდეალური შემცვლელი აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, მბაპემ უკვე მოახსენა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მომავალ სეზონში დარჩენას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ის მადრიდის „რეალში“ გადავა.

პარიზელები მზად არიან „ბებერ ქალბატონს“ კრიშტიანუში 70 მილიონი ევრო გადაუხადონ. თავად რონალდუს კვლავ სურს ევროთასის მოგება და შედარებით სუსტი საფრანგეთის ჩემპიონატის პირობებში, შეიძლება ეს მართლაც ვარიანტი იყოს - ნაკლებად დაიღლება.

ვინ იცის, შეიძლება სწორედ რონალდოსმაგვარი მოთამაშე აკლიათ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ბოლოსდაბოლოს მოსაგებად? სხვა მხრივ, პსჟ დღეს ევროპის ერთ-ერთი ის იშვიათი კლუბია, რომელსაც პორტუგალიელის გაზრდილი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.

ასახელებენ ასევე „მანჩესტერ იუნაიტედსაც.“ მაგრამ კრიშტიანუს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება.

არის კიდევ ჩრდილოამერიკული MLS. ამის შესახებ ჯადოშემტევს არა ერთხელ უსაუბრია. “აშშ შესანიშნავი ქვეყანაა. აქ ყველა პირობებია შექმნილი ფეხბურთის განვითარებისთვის. თუ შევძლებ, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში დავეხმარო, მზად ვარ წინადადებები მივიღო.“ - ამას რონალდუ 2015 წელს ამბობდა.

ერთ წელიწადში დაამატა: „ის, რაც ახლა MLS-ში ხდება, ფანტასტიკურია. შეიძლება ახლო მომავალში იქ თამაშის საშუალება მომეცეს.“

ახლახან კრიშტიანუს ამერიკაში გარჯის სურვილის შესახებ ჟურნალისტებს მისი თანამემამულე, ნანი ესაუბრა, რომელიც ჩრდილოამერიკულ „ორლანდო სიტიში“ თამაშობს: „რონალდუ მეუბნებოდა, რომ შეიძლება კარიერა ამერიკაში დაამთავროს. ეს უეჭველი არ არის, მასგრამ შესაძლებელია.“

ერთია კიდევ, კრიშტიანუს კარგი ურთიერთობა აქვს დევიდ ბექემთან, რომელიც „ინტერ მაიამის“ თანამფლობელია. შესაძლოა, „მაიამი“ კრიშტიანუს ბოლო კლუბი გახდეს დიდებულ კარიერაში. ეს მარკეტინგისა და ბიზნესის მხრივაც სასარგებლო ვარიანტი უნდა იყოს ორივე მხარისთვის.

0.121199