ავტოსპორტი

3:32 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რალფ შუმახერი: ფერარი ფეტელს ინფორმაციას უმალავს

ფორმულა 1-ის ლეგენდის, მიხაელ შუმახერის ძმა, რალფ შუმახერი ამბობს, რომ „ფერარი“ სებასტიან ფეტელისგან ბევრ ინფორმაციას მალავს, რაც გერმანელი მრბოლის შედეგებზე აისახება.

როგორც ცნობილია, ფეტელი ამ სეზონის ბოლოს იტალიურ გუნდს დატოვებს და „ასტონ მარტინში“ გადაბარგდება, რომელიც დღეს „რეისინგ პოინტის“ სახელით ასპარეზობს. „სკუდერიაში“ მის ადგილს „მაკლარენიდან“ გადმობირებული კარლოს საინსი დაიკავებს.

სხვა გუნდში გადასვლა კი მარანელოელებისთვის საკმარისი საბაბი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თავისი ყოფილი ლიდერის სრულფასოვანი მომსახურება შეეწყვიტა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მანქანის განვითარების პროცესსაც ჩამოაშორეს. მიზეზი მარტივია - „ფერარიში“ შიშობენ, რომ ფეტელი გარკვეულ ინფორმაციას თავის ახალ გუნდს გაუზიარებს.

უფრო მეტიც, ფეტელის თქმით, ის გრძნობს, რომ ის და თანაგუნდელი შარლ ლეკლერი განსხვავებული მანქანებით ასპარეზობენ. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება „ფერარის“ შეფმა მატია ბინოტომ უარყო. არაოფიციალური ინფორმაციით, გუნდი გერმანელის მანქანაზე ბევრ ტექნიკურ სიახლეს არ იყენებს.

ფაქტი ისაა, რომ ლეკლერი 85 ქულით მეხუთე ადგილზეა, ფეტელს კი 18 ქულით მე-14 ადგილი უკავია და კვალიფიკაციებშიც ათეულში ვეღარ ხვდება. არადა გასულ სეზონში, როცა „ფერარის“ ფეტელის გაშვება ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ორივე კვარცხლბეკისთვის იბრძოდა. გარდა ამისა, ფეტელის ცუდ შედეგებზე, სუსტი მოტივაციაც აისახება, რაც მეტწილად, ისევ გუნდის დამოკიდებულების შედეგია.

მომავალი სეზნდან კი ყველაფერი იცვლება. ფეტელი გადავა გუნდში, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს და ფართოდ იყენებს „მერსედესის“ ტექნოლოგიებს. გუნდს პილოტისგან ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია და ფეტელსაც კარგი მანქანა პრაქტიკულად გარანტირებული ექნება.

0.104943