ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა გორან პანდევმა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იცის, როგორ უნდა მიაღწიონ გამარჯვებას.
პანდევმა ასევე თქვა, რომ მაკედონიაში ხალხს სიურპრიზი მოუმზადეს თუ გამარჯვებას მოახერხებენ...
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს ლამაზი სიტყვებისთის. ვამაყობ, რომ ამ თაობის ნაწილი ვარ. უბრალოდ ვიტყვი, შეხედეთ სად ვიყავით 5 წლის წინ და სად ვართ ახლა. ერთი ნაბიჯი გვაშორებს ოცნებას. ვიცი, რომ ჩვენი ფეხბურთელები უფრო კარგ კლუბებში თამაშს იმსახურებენ, ასევე მინდა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ. განსაკუთრებული ემოციები მეუფლება ამ მატჩის გამო ელიტალურ ფეხბურთში გატარებული წლების მიუხედავად, რადგან საქმე მაკედონიას ეხება.
ჩვენ დიდი ხანია ერთად ვართ, ამ მატჩით ვცხოვრობთ და მჯერა, რომ თამაშის შემდეგ ბედნიერები ვიქნებით. მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, რომ აქ ვართ, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ვწუხვარ, რომ რისტევსკი, ბარდი და ველკოსკი აქ არიან, მაგრამ ჩვენ მათთვისაც ვითამაშებთ.
უნდა ვთქვა, რომ კოსოვოსთან მოგების შემდეგ აღარ მძინავს ისე, როგორც ადრე. ვიცი რა მოგვიტანს ხვალ გამარჯვებას. ტაქტიკურად ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და მოთმინება გამოვიჩნოთ. ემოციები ჩემში ჭარბობს, მაგრამ ყოველდღე ახალგაზრდებს ვესაუბრები, განსაკუთრებით კოსოვოსთან გამარჯვების შემდეგ. სიმშვიდე და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. გუნდში ასევე გვყავს 3-4 ფეხბურთელი, რომლებიც მოტივაციას ამაღლებენ.
ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ყველასთვის სიურპრიზი მოვამზადეთ მაკედონიაში თუ ხვალ გამარჯვებას მოვახერხეთ, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჯერ ჩვენი საქმე უნდა დავასრულოთ და შემდეგ იქნება სიურპრიზი“, - თქვა პანდევმა.
შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.