ფეხბურთი

17:50 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირი: "ძნელია, როცა თანაგუნდელი ოცნების მატჩს გამოტოვებს და მის ცრემლებს უყურებ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისს პრესკონფერენციაზე ახლდა და თქვა, რომ შინაგანად ცეცხლი უკიდიათ.

„ყველასთვის ოცნების თამაშია და ახსნის გარეშეც გასაგებია ჩვენი განწყობა. ყველას გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ არამარტო ჩვენთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისთვის. კორონავირუსის შემთხვევებს რაც შეეხება, სანამ თქვენ გაიგებდით, იქამდე ჩვენ გავიგეთ და რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც შენი მეგობარი იგებს, რომ ოცნების თამაშს გამოტოვებს, თანაც არა საფეხბურთო ნიუანსების გამო, არამედ იმის გამო, რაც 2020 წელს ბევრი ადამიანის უბედურების თუ წარუმატებლობის მიზეზი გახდა. რთულია, როდესაც შენი თანაგუნდელის აცრემლებულ ხედავ, როდესაც გაიგებს, რომ კორონავირუსის გამო ოცნების მატჩს ვერ ითამაშებს. თუმცა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, ვიცით, რომ არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდის მთავარი პლიუსი ვლადიმირ ვაისის პერიოდში ყოველთვის იყო გუნდური თამაში, ერთიანობა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კვარაცხელიას და შენგელიას გარდა ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვაკლია, რომლებიც ერთა ლიგაზე თამაშობდნენ და აქამდე მოსვლაში დიდი წვლილი შეიტანეს. ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, თუნდაც ანანიძე, მჭედლიძე, ყველა, ვისაც რამდენიმე წუთი მაინც უთამაშია ამ 2-წლიან პერიოდში. თუმცა, ამის ანაზღაურება შეიძლება ერთიანობით, გუნდურობით, ფსიქოლოგიური განწყობით, რაც ვფიქრობ, შეგვიძლია.

ფეხბურთელი თამაშის წინ ყოველთვის ნერვიულობს, მითუმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მაგრამ უნდა როდესაც მოედანზე გადიხარ და მსაჯის სასტვენი ისმის, ნერვიულობა ქრება. ახლა ყველა ფეხბურთელს ცეცხლი გვიკიდია და ერთი სული გვაქვს მოედანზე გავიდეთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომ სოციალური ქსელიდან ასე გვამხნევებენ, მადლობა იმისთის, რაც ბელარუსთან მატჩამდე და მატჩის შემდეგ ხდებოდა, როგორ ლამაზადაც დაგვხვდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თამაშის შემდეგ საქართველო სიხარულისგან დაინგრეს“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.122519