ფეხბურთი

18:45 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგორ ანგელოვსკი: "ფინალში მონაწილეობა კი არა, გამარჯვება გვინდა"

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს. ისტორიული და შეიძლება ითქვას, ცხოვრების მატჩის წინ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა.

44 წლის მაკედონიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ შანსი თანაბარია და ფინალში გადამწყვეტი სათამაშო სტილის ნაცვლად ტაქტიკა იქნება.

„ვერ გეტყვით, ვინ ითამაშებს და ვინ არა, მაგრამ ვეცდებით, რომ მოედანზე ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო შემადგენლობა გავიყვანოთ. ვლადიმირ ვაისს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან შესანიშნავ შედეგებს მიაღწია ისეთი პატარა რესურსის გუნდში, როგორც საქართველოა და ასევე ვართ ჩვენც. ფინალში თანაბარი თამაში იქნება და შანსიც თანაბარია, გაიმარჯვებს საუკეთესო და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენი გუნდი იქნება. ბოლო ორი თამაში ორივე გუნდისთვის კარგი შანსი იყო ერთმანეთის შესასწავლად და ვფიქრობ, ეს ორივე გუნდმა მოახერხა. ამიტომ, ხვალ ბევრი რამ დამოკიდებული ტაქტიკაზე იქნება და არა სათამაშო სტილზე.

დიახ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ვინც აქ არის, მათ ისტორიის დაწერა სურთ. ჩემი საქმე გუნდის მომზადებაა, ფინალში არა მონაწილეობა, არამედ გამარჯვება. მე ამ ბიჭების მჯეროდა მაშინ, როდესაც მათი არავის სჯეროდა და მათთან ერთად ვიქნები ბოლომდე. ამ ფეხბურთელებმა მშვიდად ძილის საშუალება მომცეს. თუ ვინმე იმსახურებს ხვალ ფინალში თამაშს, ეს გორან პანდევია - ჩვენი ფეხბურთის ხატი და ჩვენს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. მინდა, საჯაროდ მას მადლობა გადავუხადო.

მიუხედავად იმისა, რომ აქ მარტო ვართ, მხარდაჭერას ვგრძნობ, უამრავ შეტყობინებას ვიღებ ყოფილი მწვრთნელებისგან და ფეხბურთელებისგან, მეგობრებისგან. ჩვენ მათთვისაც ვითამაშებთ“, - თქვა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.126405