ფეხბურთი

17:29 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი გოლით მეტი საკმარისი იქნება"

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს. ისტორიული და შეიძლება ითქვას, ცხოვრების მატჩის წინ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ცხადია, მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას დანაკლისის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან თამაშისთვის.

„დიდი თამაშია, ამ თაობისთის, საქართელოს ნაკრებისთის და ზოგადად, ყველასთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კვარაცხელიასა და შენგელიას დანაკლისი, მაგრამ ვფიქრობ, დღეს გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. დანაკლისია მეტოქის ბანაკშიც, ამიტომ, უნდა ვეცადოთ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეს, ვის ვისურვებდი მეტოქედ, ჩრდილოეთ მაკედონიას თუ კოსოვოს და ვუპასუხე, რომ ახლა ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე კორონავირუსია, სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია.

რა თქმა უნდა, კვარაცხელიასა და შენგელიას გამოკლების შემდეგ ვფიქრობთ მათ შემცვლელებზე. ჩვენ გვყავს ბევრი შემტევი ფეხბურთელი, მაგალითად, დებიუტანტი მიქელთაძე. პაპუნაშვილს რაც შეეხება, ის 2 წლის წინ ტრავმის მიღებამდე ძალიან კარგ ფორმაში იყო. ახლა მისი სათამაშო დრო კლუბში ლიმიტირებულია, მაგრამ ის არის კონკრეტული მომენტის მოთამაშე და უახლოეს მატჩებში მას აუცილებლად გამოვიყენებთ.

გასულ თვეებში ჩრდილოეთ მაკედონიას ორჯერ დავუპირისპირდით და ორჯერვე განსხვავებული ტაქტიკით ითამაშეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი გოლით მეტის გატანა გამარჯვებისთვის საკმარისი იქნება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს იქნება ემოციური თამაში, რადგან მატჩამდე ემოციური ფონი ძალიან მაღალია. მხოლოდ ორი გზა გვაქვს - მოგება ან წაგება. ჩვენ ვიქნებით ან გმირები ან დამარცხებულები. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია და მჯერა, თამაშის შემდეგ ყველანი ერთად გავიხარებთ“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.115506