ფეხბურთი

15:46 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ჩრდ. მაკედონიას ინგლისელები იმსაჯებენ

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონის ნაკრებებს შორის ინგლისელები იმსაჯებენ. მთავარი არბიტრი გამოცდილი ენტონი ტეილორი იქნება, ასისტენტები გარი ბესუიკი და ადამ ნანი, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას კრეიგ პოუსონი შეასრულებს. VAR-ზე ორი მსაჯი იმუშავეს - სტიუარტ ეთველი და პოლ ტირნი.

ენტონი ტეილორი დიდი გამოცდილების არბიტრია, რომელიც 2010 წლის თებერვლიდან პრემიერლიგის თამაშებზე რეგულარულად მუშაობს. გარდა ამისა, ევროსარბიელსა თუ სანაკრებო დონეზე მნიშვნელოვანი თამასების განსჯას ანდობენ.

ცნობისთვის, მან სექტემბერში ევროპის სუპერთასის შეხვედრა განსაჯა, ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგე“ – „ლაციო“ და ორიოდ დღის წინ პრემიერლიგაში „ლესტერი“ – „ვულვზი“ იმსაჯა. ინგლისელი 2019 წლის მარტში საქართველო - შვეიცარიის (0:2) თბილისურ მატჩზე მეოთხე არბიტრი იყო.

მიმდინარე სეზონში ენტონი ტეილორმა 9 თამაშზე იმუშავა და 36 ყვითელი ბარათი გამოიყენა, ხოლო ერთხელ წითელი ბარათი.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

0.112854