ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი ხრისტოვმა ადგილობრივ შოუში, სახელწოდებით „ახლა ჩვენი დროა“ - სტრუმრობისას ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალის შესახებ ისაუბრა.
ვეტერანი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მაკედონია საქართველოსთან ფინალში ფავორიტია, რადგან უფრო კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს და კოსოვოზე ძლიერი გუნდიც არ არის, რომელსაც მაკედონიელებმა ნახევარფინალში მოუგეს (2:1).
„ბოლო თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენი თაობის არცერთი მაკედონიელი ფეხბურთელი არ ყოფილა ევროპის ჩემპიონატთან ახლოს და ეს იმის დასტურია, რომ ეს ბიჭები საუკეთესოები არიან. რამდენიმე მიზეზის გამო მაკედონია ფავორიტია. თუ გადავხედავთ ორივე გუნდს, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავს უკეთეს ლიგაში. მაკედონიის ნაკრებს კარგი სერია აქვს და საქართველო არ არის კოსოვოზე ძლიერი ნაკრები.
ჩემი აზრით, პანდემიის გამო არასაფეხბურთო ფაქტორებიც გადამწყვეტი იქნება. ვისაც ნაკლები დაინფიცირებული ეყოლება, ის მოიგებს, რადგან ჩვენ არ გვყავს გრძელი შემადგენლობა, ამიტომ, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ჯანმრთელი იყოს. ევროპის ჩემპიონატი ოცნებაა, რომელიც ახდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს და 12 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს დავამარცხებთ“, - თქვა ხრისტოვმა.
შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება და გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. რაც შეეხება გიორგი ხრისტოვს, მან 1995-2005 წლებში მაკედონიის ნაკრებში ჩატარებულ 48 თამაშში 16 გოლი გაიტანა.