ფეხბურთი

2:33 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" დაკარგული და "მილანის" გადარჩენილი ქულა

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ბოლო სათამაშო დღეს ვერცერთმა ლიდერმა მონაგარის სამი ქულა ვერ შემატა. პირველი მატჩი რომში გაიმართა, სადაც „იუვენტუსს“ 10 წამი დააკლდა „ლაციოს“ ძლევამდე.

ანდრეა პირლოს გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა „არწივების“ წინააღმდეგ და სწრაფადვე, კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაწინაურდა. შემდეგ პორტუგალიელს დუბლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. ტურინელთა კართან „ლაციო“ ვერაფრით ახერხებდა ხიფათის შექმნას, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო წუთის ამოწურვამდე 10 წამი რჩებოდა, პაულო დიბალამ უწყინარ სიტუაციაში ბურთი აუტზე გადაუშვა და იქიდან წამოსული შეტევა გოლით დასრულდა. ფელიპე კაისედომ გაათანაბრა და „იუვეს“ ძვირფასი ქულები დააკარგვინა. სხვათა შორის, რონალდუმ ამ მატჩში ტრავმა მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება. „იუვენტუს“ მხოლოდ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

სათამაშო დღე კი მილანში დასრულდა, სადაც „მილანმა“ „ვერონას“ უმასპინძლა და მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა. სტეფანო პიოლის გუნდი ევროპა ლიგის შემდეგ ზედიზედ მეორე, ხოლო სერია A-ში პირველ მარცხთან ძალიან ახლოს იყო.მე-19 წუთზე „ვერონა“ უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. „როსონერიმ“ ერთი ბურთი მალევე გაქვითა და შემდეგ ძალიან ბევრი მომენტი გაანიავა. მათ შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტიც ვერ გაიტანა (ბოლო ოთხი მცდელობიდან მესამედ). 90-ე წუთზე დავიდე კალაბრიამ გაიტანა და გაათანაბრა, მაგრამ გამოჩნდა, რომ მანამდე იბრაჰიმოვიჩმა ხელით ითამაშა და გოლი გაუქმდა. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა ქულა მაინც მოიპოვეს. ზლატანმა ბოლოს შეცდომა გამოასწორა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.

ანტონიო კონტეს „ინტერმაც“ დაკარგა ორი ქულა, ბერგამოში, „ატალანტასთან“. ლაუტარო მარტინესის გოლს ალექსეი მირანჩუკმა უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საბოლოოდ, მეშვიდე ტურში ყველაზე მეტად „რომამ“ და „ნაპოლიმ“ იხეირეს.

რომაელებმა გენუაში ჰენრიხ მხითარიანის ჰეთ-თრიქით „ჯენოას“ 3:1 აჯობეს და ოთხეულში შევიდნენ, ხოლო „ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენის გოლით „ბოლონიას“ მინიმალური ანგარიშით აჯობა.

სერია A ორკვირიან პაუზაზე გავიდა. ლიდერი „მილანია“, რომელიც „სასუოლოს“ 2, ხოლო „რომასა“ და „ნაპოლის“ 3-3 ქულით უსწრებს.

„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 რონალდუ (15), 1:1 კაისედო (90)

„ჯენოა“ – „რომა“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 მხითარიანი (45), 1:1 პიაცა (50), 1:2 მხითარიანი (67), 1:3 მხითარიანი (85)

„ტორინო“ – „კროტონე“ 0:0 (0:0)

„ბოლონია“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ოსიმენი (23)

„მილანი“ – „ვერონა“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 ბარაკი (6), 0:2 კალაბრია (19, ა.გ), 1:2 მანიანი (27, ა.გ), 2:2 იბრაჰიმოვიჩი (90)

თეგებისერია A
0.195765