სხვა

0:19 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩმა ვუელტას ზედიზედ მეორე ტიტული პრაქტიკულად გაინაღდა

დღეს ვუელტაზე იყო ის, რასაც ჩემპიონის გამოჭედვა შეიძლება დავარქვათ. პრიმოჟ როგლიჩი ესპანური ველომარათონის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ გარანტირებული არაფერი ჰქონდა მაშინაც კი, როცა გუშინდელ ეტაპზე უპირატესობა გაზარდა. გარანტირებული არაფერია, როცა ბოლოსწინა ეტაპის ფინში უმაღლესი კატეგორიის მთა ალტო დე კოვატილაზეა. მანამდე კი კატეგორიის მქონე ოთხი აღმართია გასავლელი.

სლოვენიელ როგლიჩს ვუელტაზე მეტოქედ არ ჰყავს თანამემამულე ტადეი პოგაჩარი, რომელმაც ტურ დე ფრანსზე, რომ იტყვიან, ცხვირწინ ააცალა დიდი გამარჯვება, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. მაგრამ არანაკლები კონკურენტები ჰყავს ეკვადორელი რიჩარდ კარაპასის და მისი „ინეოს გრენადერსის“ და ბრიტანელი ჰიუ კართის (EF პრო საიკლინგი) სახით, რომელთა სუნთქვაც თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში ესმის.

მოკლედ, მე-17 ეტაპი ფრანგი დავიდ გაუდუს (გრუპამა FDJ) გამარჯვებით დასრულდა, როგლიჩმა (ჯუმბო ვისმა) კი კბილებით დაიცვა თავისი წამები და ლიდერის წითელ მაისურში დარჩა. კარაპასმა და კართიმ ბოლო აღმართზე ყველაფერი იღონეს ლიდერის ჩამოსატოვებლად და ეს შეძლეს კიდეც, მაგრამ არა იმდენად, რომ კლასიფიკაციის მოწინავე საფეხურიდან ჩამოექვეითებინათ.

კოვატილას აღმართის დასაწყისში, პირველი ძლიერი შეტევა კართიმ დაიწყო. ამ შეტევამ როგლიჩი მისი მთავარი ლეიტენანტის, ამერიკელი ზეპ კუსის გარეშე დატოვა. ბოლო შეტევა კი კარაპასმა დაიწყო, რომელმაც ფინიში მერვემ, გაუდუსგან 2 წუთისა და 05 წამის ჩამორჩენით გადაკვეთა. მას 15 წამში კართი მიჰყვა. მეათემ კი ეტაპი როგლიჩმა დაასრულა, ვინც კართისთან ჩამორჩენა 6 წამამდე შეამცირა.

როგლიჩმა კუსი დაკარგა, თუმცა უფრო ადრე სხვა თანაგუნდელისგან, ჰოლანდიელი ლენარდ ჰოფსტედესგან მიიღო დახმარება, რომელიც დაწინაურებულ ჯგუფს იმისთვის ჩამორჩა, რომ თავისი გუნდის ლიდერს დახმარებოდა. და მას ეს გამოუვიდა.

მოკლედ, დიდი რბოლა კოვატილას ფინიშზე დასრულდა. ხვალ ბოლო ეტაპია, რომელიც აღლუმის სტილში, მადრიდში დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083632