ჩოგბურთი

2:44 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი პარიზის მასტერსის ნახევარფინალში გავიდა

რაფაელ ნადალს საფრანგეთის ღია 13-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ პარიზის მასტერსის ტიტულს ჯერ არ დაუფლებია. ორივე ტურნირს პარიზი მასპინძლობს, მაგრამ თუ დიდი სლემის ტურნირი როლან გაროსის თიხნარზე იმართება, პარიზული მასტერსის მასპინძელი, ბერსის სპორტული კომპლექსია.

დღეს ნადალმა ბერსის ჰარდზე თანამემამულე პაბლო კარენო-ბუსტას 4-6, 7-5, 6-1 მოუგო და ნახევარფინელში გავიდა, სადაც მეტოქედ გერმანელი ალექსანდერ ზვერევი ეყოლება.

ნადალმა კარენო-ბუსტასთან შეხვედრა სეტის წაგებით დაიწყო. ამ სეტში, მან მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ ხუთი ქულის აღება მოახერხა. თავის მოწოდებაზე კი ყოველი გათამაშებისთვის ბრძოლა უწევდა. ბოლოს გატყდა კიდც და სეტი 6-4 დათმო.

როლან გაროსის ჩემპიონმა მეორე სეტი საშინლად უარესად დაიწყო - პირველივე გეიმში სამი ბრეიკ პოინტი გადაარჩინა და თითქოს, ეს სეტიც პირველის მსგავსი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა თანდათან გააუმჯობესა თამაში და მე-12 გეიმში, როგორც იქნა, მეტოქის მოწოდებაც მოიგო - 7-5. არადა, თავიდან 15-40-ს აგებდა.

გადამწყვეტ სეტში კი 34 წლის ნადალმა კარენო-ბუსტას ხელის განძრევის საშუალება აღარ მისცა - 6-1.

მისმა მომდევნო მეტოქემ, მეოთხედფინალში შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას 6-3 7-6(1) მოუგო. შეხვედრის დასაწყისში, აშშ-ის ღიას ფინალისტმა ადა მისმა მეტოქემ ბრეიკები გაცვალეს. მაგრამ 3-3-ზე გერმანელმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორეში ვავრინკა თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ 5-4-ზე, როცა თავად სეტზე აწოდებდა, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ზვერევმა ჯერ საპასუხო ბრეიკი აიღო, შემდეგ კი ტაიბრეიკში 7-1 გააცამტვერა მეტოქე.

0.115115