პარიზის მასტერსის ტურნირზე მნიშვნელოვანი მიღწევა დაფიქსირდა - მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა, ATP-ს ტურზე მე-1000 გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მეორე წრეში მან თანამემამულე ფელისიანო ლოპესი 4-6 7-6(2) 6-4 დაამარცხა.
ესპანელ ჩოგბურთელს ATP-ს ტურზე თავისი პირველი გამარჯვება 2002 წლის 29 აპრილს აქვს მოპოვებული, როცა ის ჯერ მხოლოდ 15 წლის იყო. რეკორდულად ბევრი გამარჯვების მოსაპოვებლად, ნადალს 18 წელზე მეტი დასჭირდა.
პარიზის მასტერსი მას არასდროს მოუგია და თუ მისთვის ამ არასასურველ ტრადიციას ამჯერად შეცვლის, ეს იქნება მის კარიერაში მოპოვებული მასტერსის სერიის 36-ე ტიტული და ამით ის მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდულ მიღწევას გაიმეორებს.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს ნადალმა პარიზშივე, როლან გაროსის მე-13 ტიტული მოიპოვა და დიდი სლემის ტურნირებზე გამარჯვებების რიცხვი 12-მდე გაზარდა, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდული მიღწევა გაიმეორა.
ლოპესთან შეხვედრის პირველი სეტი ნდაალმა 4-6 წააგო და მეორე სეტშიც წაგებასთან ახლოს იყო. თუმცა თამაში შემოაბრუნა და სეტი ტაიბრეიკზე 7-6 (2) მოიგო, მესამე სეტში კი 6-4 გაიმარჯვა და მე-1000 გამარჯვებაც გამოაცხო.
34 წლის ნადალს ამჟამად რეიტინგში მეორე საფეხური უკავია და სეზონის ბოლომდე პირველზე გადასვლის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ეს ადგილი ჯოკოვიჩმა წინა კვირაში გაინაღდა. მათ შანსი აქვთ, ერთმანეთს სეზონის დამამთავრებელ ტურნირზე, მასტერსის ფინალში შეხვდნენ, რომელიც დეკემბერში, ლონდონში გაიმართება.