საფრანგეთის ღია პირველობა შესაძლოა მომავალ სეზონშიც სექტემბრისთვის გადაიტანონ. ტურნირის დირექტორი, წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი გი ფორჟე ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, ორგანიზატორები ყოყმანის გარეშე გადაიტანენ ტურნირს მაისიდან სექტემბერში.
რა თქმა უნდა, გადატანის მთავარი მიზეზი, კორონავირუსის პანდემია შეიძლება გახდეს. როგორც წესი, როლან გაროსის თვე მაისია, მაგრამ პანდემიის გამო, წელს ის სექტემნბერში, აშშ-ის ღიას შემდგ ჩატარდა. თარიღის გადატანამ ბევრი გააოცა და ბევრიც (მათ შორის ჩოგბურთელებიც) უკმაყოფილო დატოვა, რადგან სექტემბერში ძირითადად მყარსაფარიან კორტებზე ტარდება ტურნრები. ჰარდიდან უცებ თიხნარზე გადასვლა და შემდეგ ისევ ჰარდზე დაბრუნება კი პრობლემაა.
„ამაზე გადაწყვეტილებას ხვალ, ანუ მომავალ წელს მივიღებთ, როცა სიტუაციის უკეთ შეფასების საშუალება გვექნება. თუ კვლავ ანალოგიური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, ალბათ ისევ ისე მოვიქცევით. ამგვარ სიტუაციაში, ATP-სთან და WTA-სთან თანამშრომლობა პროდუქტიული იყო. პირველ რიგში სწორედ მათთან გავმართავთ კონსულტაციას. და იმედია, მათგან მხარდაჭერა გვექნება“, - ამბობს ფორჟე.