ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ადგილობრივ გამოცემა Sportmedia.mk-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად ევრო 2020-ის პლეი-ოფის დამდეგ ფინალს და საქართველოსთან შეხვედრას დაეთმო.
44 წლის სპეციალისტი საკმაოდ თავდაჯერებული ჩანს და საკუთარი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ანგელოვსკიმ თქვა, რომ საქართველო გამოცდილი და კარგი გუნდია, მაგრამ მისი გუნდის ფასიც იცის და საქართველოს ნაკრებთან გამართულმა წინა ორმა მატჩმა დაანახა, რომ მაკედონიას თბილისში მოგება შეუძლია.
- ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მე-13 მწვრთნელი ხართ და პირველი იქნებით, ვინც ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს?
- საქართველოში მატჩის დასრულების შემდეგ გავიგებთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც გუნდი, რომ თბილისში მოვიგოთ. საკუთარი თავის 200%-ს გავიღებთ მაკედონიისთვის, რომ ხალხი გავახაროთ, ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად წარმატებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს.
- მნიშვნელოვან მატჩამდე იგრძნობა გუნდში ნერვიულობა?
- ვერ ვიტყოდი, რომ ნერვიულობა შფოთვა იგრძნობა. ვიცით რა გველოდება ყველას, შეიძლება უფრო მოტივირებულებიც ვართ. გულწრფელად გითხრათ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ეროვნული ნაკრების ნებისმიერი სხვა მატჩის დროს. ცივი გონებით და ზედმეტი ემოციის გარეშე. ყველამ იცის, რაც ნიშნავს ეს თამაში, მაგრამ დამატებითი წნეხის შექმნა არ გვინდა.
- 2015 წლის 12 ნოემბერს თქვენი დებიუტი შედგა და მონტენეგროსთან 4:1 მოიგეს. 2020 წლის 12 ნოემბერს ისტორიული თამაში გელოდებათ. ხუთი წელი სწრაფად გავიდა?
- მონტენეგროსთან მატჩის დაწყებამდე კარგად მახსოვს ბიჭებს ვუთხარი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვითამაშედით და აი, ხუთი წლის შემდეგ ჩემი სიტყვები ახდა. გახსოვთ სად იყო ჩვენი ნაკრები და სად არის ახლა. ყველაზე ბედნიერი, რომ ხალხი ჩვენს ნაკრებზე სიხარულით და ეიფორიით ლაპარაკობს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მატჩი ჩვენთვის ისტორიული არ არის. ისტორიული იქნება ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი 13 ივნისს ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, კვალიფიცირებას თუ მვახერხებთ. მჯერა თბილისში ჩვენი წარმატების. თქვენ, მედიის წარმომადგენლებმა კოსოვოსთან მატჩსაც ისტორიული უწოდეთ, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი თამაში და ახლა თბილისში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება.
- ხალხი მოუთმენლად ელოდება სანაკრებო 23-კაციან სიას. იქნება სიურპრიზები და როგორ ითამაშებთ თბილისში?
- სიურპრიზები არ იქნება, მე იმ მწვრთნელების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც ექსპერიმენტები არ მოსწონს. გამოვიძახებ საუკეთესო შემადგენლობას, რომელიც აქამდე მოვიდა და რომელსაც, მიაჩნია, რომ წარმატებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. მაკედონია საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს თბილისში, მაქსიმუმს გააკეთებს, საჭოროების შემთხვევაში 120 წუთისთვისაც მოემზადება. თუმცა, ერთი რამ ცხადია - თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის წავალთ.
- ორი თვის განმავლობაში ეს იქნება საქართველოსთან მესამე თამაში. წინა ორი 1:1 დასრულდა, მაგრამ ახლა გამარჯვებული უნდა გაირკვეს.
- დიახ და ველით, რომ ეს მაკედონიის ნაკრები იქნება. საქართველო გამოცდილი გუნდია, რომელსაც ხარისხიანი, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. წინა ორივე მატჩში კაცნაკლულებს მოგვიწია თამაში და დავამტკიცეთ, რომ მათ წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. პირველ მატჩში ორივემ საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშეთ, მაგრამ მეორე შეხვედრაში მე და ვაისმა გადავწყვიტეთ, რომ ტაქტიკური იდეები დაგვემალა. საქართველო დეტალურად გვყავს შესწავლილი, ვიცით, რა უნდა გაკეთედეს. მეც და ვაისსაც შემუშავებული გვაქვს ტაქტიკა, ახლა დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და გაირკვევა, რომელი გუნდი ჯობია, რომელი იქნება ბედნიერი და ველოდები, რომ ეს მაკედონია იქნება. ისეთი განცხადებები, რომ ჩვენი გუნდი უკეთესია, ამას ჩემგან ვერ მოისმენთ, განსაკუთრებით ახლა. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა საკუთარ თავსაც ვაფასებთ და ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია, ამაში ეჭვი არ გვეპარება.
- ამ დრომდე კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირეულა?
- ჩვენ კორონავირუსის პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც დღითიდღე იცვლება სიტუაცია. არ ვიცი რა იქნება 12 ნოემბერს, უბრალოდ იმედი მაქვს და მსურს, რომ ყველა, ვისაც გამოვიძახებ, ჯანმრთელი იყოს, რომ რაც შეიძლება ძლიერი შემადგენლობით ჩავიდეთ თბილისში. შეკრებას 9 ნოემბერს დავიწყებთ, 10 ნოემბერს სკოპიეში ვივარჯიშებთ და შემდეგ საქართველოს გავემგზავრებით.
- ელიფ ელმასის დაბრუნება კარგი ამბავია?
- არა მარტო კარგი, არამედ შესანიშნავი. ისკოსოვოსთან გვაკლდა, მაგრამ ახლა ჩვენთან ერთად იქნება. მოხარული ვარ, რომ კორონავირუსი დაამარცხა და ვიმედოვნებ, მზად იქნება. ის ყოველთვის ძალიან მოტივირებულია ნაკრებში, როგორც პანდევი, ბარდი, ნესტოროვსკი, ადემი, რისტოვსკი და სხვა დანარჩენი.
- მზად არის მაკედონია იმისთვის, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ტალინში მოხდა კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით?
- ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, ყველანაირი წნეხისთვის. კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს თამაში მაკედონიისთვის და საქართველოსთვისაც. იმედი მაქვს, ტალინი აღარ განმეორდება, მაგრამ მზად ვართ.
- გაწუხებთ ის ეიფორია, რომელიც გულშემატკივრებშია? რომლებიც კოსოვოსთან მოგების შემდეგ მიიჩნევენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ფინალი სათამაშოა.
- არა, პირიქით. ეს ეიფორია დამატებით ძალას გვაძლევს. ამ ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ხალხში ნდობა აღგვედგინა და ახლა ვიცით, რომ ეს შევძელით. ეს ალბათ, უდიდესი წარმატებაა ამ თაობის მოთამაშეებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა და გვჭერს, კოსოვოსთან მატჩამდე ვგრძნობდით სპორტსმენების, კლუბების, ხალხის, ყოფილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მხარდაჭერას. სტადიონი ცარიელი იყო, მაგრამ ქომაგობა ვიგრძენით. ეჭვი არ მეპარება ასე იქნება ფინალის წინაც. მაკედონია მოუთმენლად ელოდა ამ წამრატებას 27 წლის განმავლობაში. 27 წელი ასეთ მატჩს ველოდით და მხარდაჭერას, რომელსაც მივიღებთ, თბილისშიც დაგვეხმარება, ფრთებს შეგვასხამს და მოტივაციას აამაღლებს.