ქალთა რეიტინგის მეორე ნომერმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა გამოაცხადა, რომ კორონვირუსზე გაკეთებულ ტესტზე დადებითი შედეგი მიიღო. პანდემიის გამო, ჰალეპმა აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლას თავი აარიდა, მაგრამ როლან გაროსზე ითამაშა. ვირუსი კი როგორც ჩანს, მოგვიანებით შეეყარა.
ჰალეპი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში მკურნალობს. რაც მთავარია, მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს უჩივის.
„ყველას მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ, რომ კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. შინ, თვითიზოლაციაში ვიმყოფები. მსუბუქი სიმპტომები მაქვს და გამოჯანმრთელების პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს. თავს კარგად ვგრძნობ“, - წერს საკუთარ ტვიტერზე ჩოგბურთელი.
ჰალეპს საფრანგეთის 2018 წლის ღია პირველობა აქვს მოგებული და უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი. წლვანდელ როლან გაროსზე მან მეოთხე წრეში პოლონელ იგა სვიატეკთან წააგო, ვინც შემდეგ ჩემპიონი გახდა. საფრანგეთის ღია პირველობაზე წაგების შემდეგ, ჰალეპმა განაცხადა, რომ ამ სეზონში თამაშს აღარ აპირებს.