ფორმულა 1-ის ქარავანი ამ სეზონში იტალიას მესამედ ეწვია. ამჯერად დანიშნულების ადგილი იმოლაა, სადაც ფ1-ის რბოლა 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. იმოლა ემილია რომანიას დიდ პრიზს მასპინძლობს. დღეს საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართა, რომელიც „მერსედესის“ ვალტერი ბოტასის გამარჯვებით დასრულდა. ლუის ჰამილტონი მეორე შედეგს დასჯერდა, „მერსედესმა“ კი სტარტზე მოწინავე ხაზი დაისაკუთრა.
მესამე შედეგი აჩვენა „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა, ვისაც კვალიფიკაციის მეორე ფაზის დასაწყისში, ძალურ დანადგართან დაკავშირებით, პრობლემა შეექმნა, თუმცა გუნდმა პრობლემა ძალიან სწრაფად აღმოფხვრა. სტარტზე მის გვერდზე ყოფილი თანაგუნდელი, „ალფატაურის“ პიერ გასლი დადგება, ვინც კიდვ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის პილოტია. თუმცა ამის მიუხედავად (სამწუხაროდ), „რედ ბული“ მის დაბრუნებას აღარ აპირებს.
იმოლას რბოლაში „მერსედესს“ მეოთხე ადგილიც ჰყოფნის იმისთვის, რომ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი მოიგოს. და ეს იქნება სამქიმიანთა ზედიზედ მეშვიდე (რეკორდი) ტრიუმფი. საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 საკვალიფიკაციო რბოლაში, „მერსედესის“ პილოტებმა 13 პოული მოიპოვეს.
„ეს ტრეკი, როცა მას დიდი სიჩქარით გადიხარ, მშვენიერია. ვიცოდი, რომ ბოლო წრეზე უნდა მომემატებინა, რათა მომეგო. და მე ეს შევძელი. კარგი ბრძოლა გველის. აქ სტარტიდან პირველ მოსახვევამდე, ყველაზე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და ეჭვი არაა, რომ ლუისი და მაქსი გასწრებას ეცდებიან“, - ამბობს ბოტასი, ვინც პილოტთა კლასიფიკაციაში ჰამილტონს 77 ქულით ჩამორჩება.
ემილია რომანიას დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'13.609
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.097
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.567
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.893
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 0.911
- ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 0.963
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.007
- დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.087
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.205
- კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1.302
- სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.452
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.592
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.714
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.776
- ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1.885
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.309
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.330
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.344
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.378
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.599