ვუელტას მე-9 ეტაპი სკანდალურად დასრულდა: ფინიშის ხაზი პირველმა ირლანდიელმა სემ ბენეტმა (დესონინკ ქვიკ-სტეპი) გადაკვეთა, მაგრამ შუა დისტანციაზე სახფათო რბოლისთვის, მისი შედეგი გაუქმდა და გამარჯვება მეორე ადგილზე გასულ გერმანელ პასკალ აკერმანს (ბორა ჰანსგრო) ჩაეთვალა.
ბენეტმა (ფოტოზე) წესი შუა რბოლისას დაარღვია, როცა პელოტონში მყოფმა, ლატვიელ ემილს ლიეპინსს (ტრეკ-სეგაფრედო) მხრით უბიძგა. ეს სახიფათო უხეშობაა, რომლის მსგავსსაც, არაერთი მძიმე ინციდენტი მოჰყოლია და ამის გამო, ველოსპორტში ასეთ დარღვევას არავის პატიობენ. გამონაკლისი არც ბენეტის შემთხვევაში დაუშვეს. არადა, მან სპრინტი სამართლიან და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოიგო.
რბოლის კლასიფიკაციაში ლიდერთა შორის არაფერი შეცვლილა. ლიდერის წითელ მაისურს ისევ ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი (ინეოს გრენადერსი) ინარჩუნებს, სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩს (ჯუმბო ვისმა) კი მეორე ადგილის შესანარჩუნებლად, გარჯა დასჭირდა - შუა რბოლისას საბურავი დაუზიანდა და მის გამოცვლაზე დრო დაკარგა. თუმცა ფინიში მაინც პელოტონთან ერთად გადაკვეთა.
„ეს მისგან (ბენტისგან) გამართლებული ქმედება არ იყო. ვფიქრობ, წინა ინციდენტების შემდეგ, ჩვენ ვალდებულები ვართ, სხვა ბიჭებზე ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, ვწუხვარ იმის გამო, რომ სემმა გამარჯვება დაკარგა, მაგრამ ახლა უფრო ფრთხილად ვიქნებით“, - განაცხადა აკერმანმა.







