„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. იტალიელმა სპეციალისტმა მეტოქე შეაქო და თავის გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„კიელინი ნადვილად ვერ დაგვეხმარება, ბონუჩის სიტუაცია ხვალ დილით შეფასდება და დე ლიხტის თაობაზე ექიმებისგან თამაშის თანხმობა ამ ეტაპზე არ გვაქვს. შესაბამისად, გავიგებთ ხვალ ბონუჩის მდგომარეობას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ.
დიბალა ცოტა დაღლილია, მაგრამ ეს ნორმალურია პირველი თამაშის შემდეგ. ის კარგადაა და ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას იქნება თუ არა ძირითადში. მან და მორატამ „ვერონასთან“ კარგად ითამაშეს, სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გაიტანეს, მაგრამ კმაყოფილი ვარ.
„ბარსელონა“ ძლიერი გუნდია, ამიტომ მაღალ დონეზე თამაში იქნება საჭირო. ჩვენ ყოველთვის 4 მცველით ვთამაშობდით და ხვალაც ასე ვითამაშებთ, რადგან სხვა მცველები ჩვენს განკარგულებაში ამ ეტაპზე არ იმყოფებიან. მაკკენი ხვალ ცენტრალურ მცველად არ ითამაშებს.
ველოდები, რომ სულ მალე ჩემს განკარგულებაში მთელი გუნდი იქნება, რადგან სეზონის დაწყებიდან დე ლიხტი და ალექს სანდრო გვაკლია, რონალდო და კიელინიც ჩვენთან ძალიან ცოტა ხანი იყვნენ. კრიშტიანუმ ტესტი გაიკეთა და საღამოს საბოლოო პასუხი გვეცოდინება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ითამაშებს თუ არა, მასთან ერთად გადავწყვეტ, რადგან ადვილი არაა ორკვირიანი უმოქმედობის შემდეგ 90 წუთის თამაში.
„იუვენტუსი“ - „ბარსელონა“ შესანიშნავი დაპირისპირებაა და ერთი სული გვაქვს მოედანზე გავიდეთ, რომ დავინახოთ ჩვენი და „ბარსელონას“ ღირებულება. ეს გადამწყვეტი თამაში არ არის, მაგრამ დიდი გამოწვევაა და გვინდა ჩვენი ფასი დავამტკიცოთ.
პიკესა და კოუტინიოს დანაკლისის მიუხედავად, „ბარსელონა“ საშიში გუნდია, ბევრი ვარსკვლავი ჰყავთ და შესაბამისად, რთული თამაში იქნება. მესი მსოფლიო და თანამედროვე ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. ის და რონალდუ 15 წელია განსაკუთრებულ საქმეებს აკეთებენ და ისევ მწვერვალზე არიან ასაკის მუხედავად. ფეხბურთელობისას ბევრჯერ დავუპირისპირდი, მაგრამ მწვრთნელის რანგში პირველად ხვალ ვიქნები მის წინააღმდეგ. ასეთი მოთამაშე დიდ პატივისცემას იმსახურებს, იმედია ხვალ მისი საუკეთესო საღამო არ იქნება.
კულუშევსკი და ანსუ ფატი? სხვა და სხვა თვისებები აქვთ. კულუ უფრო ბურთს ელოდება, ფატი უბურთოდაც დარბის. დიდი პერსპექტივა გააჩნიათ, ორივეს ჰყვთ ეპოქის საუკეთესო მოთამაშეები გვერდით და შეუძლიათ მათგან სწავლა.
ვინ მოუგებდა ჯარიმების შესრულებაში მე თუ კუმანი? ორივე კარგად ვასრულებდით. სრულად განსხვავებულ სტილში, ის ძლიერად ურტყამდა, მახსოვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „სამპდორიასთან“ გოლი „უემბლიზე“. მე უფრო სიზუსტეზე ვაკეთებდი აქცენტს, განსხვავებული სტილი გვქონდა, მაგრამ ძლიერები ვიყავით“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.