სხვა

2:03 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიური 5 დეკემბერს იბრძოლებს

კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) ვერსიით, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ დაადასტურა, რომ მისი უახლოესი ბრძოლა 5 დეკემბერს, ლონდონში გაიმართება. ოღონდ, მეტოქე ჯერაც არაა ცნობილი.

32 წლის ფიურიმ თავისი ბოლო ბრძოლა თებერვალში, ლას ვეგასში გამართა, სადაც ამერიკელი დეონტეი უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა. სწორედ ამ გამარჯვებით დაეუფლა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გაერთიანების საჩემპიონო ქამარს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მომდევნო ბრძოლას ლონდონში, 5 დეკემბერს ჩავატარებ. ოპონენტს მალე, ძალიან მალე გამოვაცხადებ. ამჟამად რამდენიმე მოკრივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას და მალე გავიგებთ, ვინ იქნება ჩემი მეტოქე“, - ამბობს ფიური.

რამდენიმე დღით ადრე, ფიურიმ გამოაცხადა, რომ აღარ შეხვდება უაილდერს, რომელთანაც მესამე ბრძოლას გეგმავდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკელი შეხვედრის თარიღის გაჭიანურებას ცდილობს. ფიურის კი მძიმე წონაში ოთხი ტიტულის (IBF, WBA, WBO და IBO) მფლობელთან, თანამემამულე ენტონი ჯოშუასთან აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა სურს.

თავის მხრივ, ჯოშუასაც ტიტულების დასაცავად, ბრძოლა 12 დეკემბერს აქვს დანიშნული. ლონდონის O2 არენაზე ის ბულგარელ კუბრატ პულევს დაუპირისპირდება.

0.113115