ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“ მშვენივრად მოერგო და ქართველმა უმალვე მოახერხა გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მისმა გუნდმა ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და მაგარ ბრძოლაში, 3:4 წააგო.
თამაში მართლაც დრამატული გამოდგა. ტაიმი სტუმრებმა მოიგეს (2:0), შემდეგ „ვოლფსბერგერი“ იგებდა 3:2-ს და ბოლოს მაინც „რაპიდმა“ იმარჯვა - 4:3.
ლოჩოშვილი გმირობასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც უფრო ანტიგმირი გამოდგა. 67-ე წუთზე მან ჩეიკუ დიენგს ფანტასტიკური საგოლე პასი გაუკეთა მოედნის თავისი ნახევრიდან ლეონარდი ბონუჩის სტილში (პირველი ვინც ამ პასზე გამახსენდა, ბონუჩია) და ამ გოლით „ვოლფსბერგერი“ 3:2 დაწინაურდა.
თუმცა, 75-ე წუთზე „რაპიდმა“ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე პენალტით გამარჯვების გოლიც გაიტანა. პენალტი კი ლოჩოშვილის მხრიდან თამაშის წესის დარღვევისთვის დაინიშნა...
„ვოლფსბერგერს“ ავსტრიის ბუნდესლიგაში წარუმატებელი სტარტი აქვს და 5 ტურის თავზე 3 ქულით მეათე ადგილზეა. ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში 5-ჯერ ითამაშა (ერთხელ ევროპა ლიგაზე).