ჩოგბურთი

2:16 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსს გამოტოვებს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ არ ითამაშოს პარიზის მასტერსზე, რადგან სარეიტინგო ქულების მოპოვებას ვერ შეძლებს. 33 წლის სერბ ჩოგბურთელს სურს, რომ მიმდინარე სეზონი მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში დაასრულოს.

„პარიზის მასტერსზე არ ვითამაშებ, რადგან იქ ქულების დამატებას ვერ შევძლებ. სამაგიეროდ, ვენასა და ლონდონში ვითამაშებ. ვენაში 500-მდე ქულის მოპოვება შემიძლია, რადგან იქ შარშან არ მითამაშია. და ლონდნშიც საკმაოდ ბევრი ქულის დამატების საშუალება მექნება“, - ამბობს ჯოკოვიჩი.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გასულ თვეში რომის მასტერსი მოიგო, რაც ამ სერიის ტურნირებზე, მისი 36-ე ტიტულია. ეს კი რაფაელ ნადალის სამასტერსო მონაგარზე მეტია. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღიას ფინალში შეხვდა ერთმანეთს. ნადალმა გაიმარჯვა და როლან გაროსის მე-13 ტიტულს დაეუფლა. ესპანელმა დაადასტურა, რომ პარიზის მასტერსზე ითამაშებს.

მას უკვე დიდი სლემის 20 ტურნირი აქვს მოგებული, რითაც როჯერ ფედერერის მიღწევა გაიმეორა. ნადალი ვენის ტურნირს, რომელიც 26 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება, გამოტოვებს. სამაგიეროდ, ლონდონში (15-22 ნოემბერს) ითამაშებს და იქ ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შანსი ექნება.

ჯოკოვიჩმ პარიზის მასტერსი გასულ სეზონში მოიგო და იქ მოპოვებულ ქულებს არ დაკარგავს, რადგან ATP ტურმა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემა დროებით შეცვალა - ჩოგბურთელებს შარშან მოპოვებულ ქულებს არ ჩამოაწერს.

ჯოკოვიჩი აღიარებს, რომ მის პრიორიტეტს, რაც შეიძლება მეტი სარეიტინგო ქულის დაგროვება წარმოადგენს, რათა მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში, რეკორდულად ბევრი კვირა გაატაროს.

0.118001