ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელს ერლინგ ჰოლანდს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს. როგორც ესპანური გამოცემა ABC-ი იუწყება, ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალში" შორის არჩევანი გააკეთა.
20 წლის ნორვეგიელს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 65 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ევროპული პრესა ჰოლანდს "წითელ ეშმაკებს" უკავშირებს, თუმცა ესპანური გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ერლინგს თამაში "რეალში" სურს.
ჯერჯერობით უცნობია, "სამეფო კლუბი" ემზადება თუ არა ფეხბურთელის გადასაბირებლად. ჰოლანდი "დორტმუნდში" მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.