სხვა

1:58 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელთა დღე ველომარათონებზე

ჯირო დ’იტალია ჯერ არ დასრულებულა და უკვე სტარტი აიღო ვუელტა ესპანიამ. ორი ველომარათონის გადაფარვა ადრე არასდროს მომხდარა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო შეკვეცილ სეზონში, ესეც შესაძლებელი გახდა. მოკლედ, როცა ჯიროზე გადამწყვეტი, მესამე კვირა დაიწყო, იმავე დღეს ვუელტასაც მიეცა სტარტი.

და გადაფარვის პირველი დღე, სლოვენიელი მრბოლების ტრიუმფით აღინიშნა: იტალიაში მე-16 ეტაპი იან ტრატნიკმა მოიგო, ვუელტას პირველ ეტაპზე კი პრიმოჟ როგლიჩმა გაიმარჯვა.

ჯიროს პორტუგალიელმა ლიდერმა ჟოაო ალმეიდამ უპირატესობა 2 წამით გაზარდა, ვუელტას ფავორიტთა სიას კი პირველივე დღეს გამოეთიშა სახელოვანი კრის ფრუმი, ვინც პირველივე, დაბალი კატეგორიის აღმართებზეც კი დაყარა ფარ-ხმალი. თუმცა ამის მიუხედავად, ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონის სრულად ჩამოწერა მაინც არ ღირს...

შეგახსენებთ, რომ ტურ დე ფრანსი სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა მოიგო, რომელმაც რბოლის მიწურულს აჯობა როგლიჩს. ეს მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა შემდეგ კლასიკური რბოლა ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის მოგებით, ნაწილობრივ დაიამა ტურის წაგებით გამოწვეული ტკივილი. და ახლა ვუელტაც მოგებით დაიწყო. ტრატნიკმა (ბაჰრეინ-მაკლარენი) დიდი რბოლის ეტაპი პირველად მოიგო და სლოვენიელ გამარჯვებულთა კოჰორტას შეუერთდა.

ალმეიდამ (დესონინკ ქვიკ-სტეპი) გამარჯვებულთან თითქმის 13 წუთი წააგო, მაგრამ პელოტონს რომ ფინიშთან მიუძღვა, ამისთვის ორი ბონუს წამი მიიღო და კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან, ჰოლანდიელ ვილკო კელდერმანთან უპირატესობა 17 წამამდე გაზარდა.

რაც შეეხება ვუელტას, როგლიჩი ესპანურ მარათონზე, მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოდის და პირველივე ეტაპზე დაამტკიცა, რომ ტიტულის დათმობას არ აპირებს. სლოვენიელმა პირველივე სამთო ეტაპზე შეძლო თავისი შესაძლებლობების გამოვლენა მხოლოდ რვა მრბოლმა მიაღწია ფინიშს მისგან 40-წამიანი ჩამორჩენით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08964