რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო კვლავ გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება რაგბი ევროპამ მიიღო.
„ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება," - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება საქართველოსა – რუსეთის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.
შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბორჯღალოსნებმა ოთხივე თამაში მოიგეს19 ქულა მოაგროვეს, უახლოეს კონკურენტებს (პორტუგალიას და ესპანეთს) 10-10 ქულით უსწრებენ და ვადაზე ადრე მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.
„დათვებმა“ ესპანეთთან და ბელგიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, პორტუგალიას და რუმინეთს სძლიეს და 8 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.