ფეხბურთი

20:42 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა ძვირდება: კვარაცხელიას ფასი თითქმის გაორმაგდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი დღითიდღე იზრდება. Transfermartk-ის მონაცემებით, ხვიჩა 3 მილიონი ევროთი გაძვირდა. ქართველი შემტევი ადრე 4.5 მილიონი ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 7.5 მილიონი ევროა და ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, გიორგი ჩაკვეტაძეს გადაასწრო (6 მილიონი ევროა მისი ფასი).

გარდა ამისა, ამ შედეგით რუსეთის პრემიერლიგაში კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორისაა, ცსკა-ს წევრ ნიკოლა ვლაშიჩთან და „ზენიტის“ ფეხბურთელ ვენდელთან ერთად ყველაზე მეტად მისმა ფასმა მოიმატა (3 მილიონი ევრო).

„კვარაცხელია პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელია. „რუბინის“ მარცხენა ფლანგელმა 11 მატჩში უკვე მოახერხა 2 გოლის გატანა, 1 საგოლე პასისა და 3 მოპოვებული პენალტის გამომუშავება. 14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლიც გაიტანა (ჩრდილოეთ მაკედონიასთან). კვარაცხელია თუ ასე გააგრძელებს, ევროპული კლუბების ყურადღებას მიიპყრობს“, - წერს ცნობილი რუსული გამოცემა Championat-ი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.122676