ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის მატჩში “ზუგდიდმა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. სფფ-ს საშეჯიბრო კომიტეტმა ზუგდიდელთა თხოვნა გაითვალისწინა და მათ “ბაიას” ბაზის ხელოვნურსაფარიან მინდორზე თამაშის ნება დართო, ოღონდ ფეხბურთელთა უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე რეკომენდაცია მისცა. კლუბის ხელმძღვანელობამ სფფ-ს მითითება ზედმიწევნით შეასრულა და მოედნის ბეტონის შიდა კედლები უსაფრთხო ბალიშებით შეფუთა.
მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ზუგდიდელები პირველად თამაშობდნენ საკუთარ კედლებში, ამიტომ მოგება ძალიან ეწადათ. მასპინძელთა უპირატესობა შეხვედრის დებიუტშივე გამოიკვეთა. მე-5 წუთზე რიგვავას გადაცემის შემდეგ შოთა ლომია საჯარიმოს კუთხესთან აღმოჩნდა და ძლიერად გაისროლა, თუმცა მიზანს მცირედით ააცილა. ორი წუთის შემდეგ ისევ ზუგდიდელთა კაპიტანი ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ სამიზნემ ამჯერადაც დააღალატა.
მე-15 წუთზე საპასუხო შეტევა რიონისპირელებმაც განახორციელეს. მასპინძლეთა კარისკენ ბონდარენკომ გაისროლა, თუმცა დარტყმა სუსტად გამოუვიდა და თევდორაძეს ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.
მე-20 წუთზე წურწუმია-ჯავაშვილის ორსვლიანი კომბინაციის შემდეგ ტყემალაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. ტაიმის შუაწელს სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ. ფარჯიკიამ კარგი გადაცემით შოთა ლომია ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა ოდნავ უზუსტო გამოდგა. თითქმის მაშინვე ჯავაშვილი ცდილობდა მეტოქის კარის დალაშქვრას, მაგრამ თებიძემ სწორი პოზიცია დაიჭირა და ხიფათი უვნებელყო.
ნელ-ნელა ქუთათურებმა თამაში გაათანაბრეს და 36-ე წუთზე სახიფათოდაც შეუტიეს. ბაბუნაშვილის შესრულებულ საჯარიმოს მასპინძელთა კართან არეულობა მოჰყვა, თუმცა ვითარებაში სხვებზე უკეთ დათა ქირია გაერკვა და სიტუაციაც განმუხტა.
პირველი ტაიმის მიწურულს ვითარება ოდნავ დაიძაბა. 42-ე წუთზე რიონისპირელთა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კვერნაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა. თევდორაძემ საჯარიმო მოედნის ფარგლები დატოვა და დასწრებაზე თამაში სცადა, თუმცა ამ დროს ბურთი ხელზე მოხვდა. სტუმრები ზუგდიდელთა კიპერის გაძევებას ითხოვდნენ, რადგან თვლიდნენ რომ მეკარემ ხელით განზრახ ითამაშა. ხარიტონაშვილმა სიტუაცია სხვაგვარად შეაფასა. მართალია მან ტორპედოელთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა, მაგრამ თევდორაძეს გაფრთხილება აკმარა, რითაც რიონისპირელთა საქომაგოდ ჩამოსული გულშემატკივრები განარისხა. საჯარიმო ჩიკვილაძემ შეასრულა, მაგრამ მისი მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ძელს სულ ახლოს ჩაუქროლა.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა ცვლილებით დაიწყეს. მუმლაძემ მოედანზე მეორე თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია შემოიყვანა. ამ ცვლილების შემდეგ ზუგდიდლებმა შეტევებს კიდევ უფრო მოუხშირეს და შეხვედრის დარჩენილი დრო მათი სრული უპირატესობით წარიმამრთა.
მატჩის განახლებისთანავე ეხვაიას ფლანგური გადაცემის შემდეგ კვარაცხელია ურტყამდა თავით სტუმართა კარისკენ, თუმცა სიზუსტე ოდნავ დააკლდა. თითქმის მაშინვე მოვლენების ეპიცენტრში ისევ კვარაცხელია აღმოჩნდა, როცა თანაგუნდელებმა იგი მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს. ამჯერად თებიძემ იმარჯვა. მან კარი დროულად დატოვა და ფორვარდს ბურთთან მისვლა წამით დაასწრო.
მასპინძლები არც ამის შემდეგ მოდუნებულან. თავის გამოჩენის კარგი შანსი ჰქონდა ეხვაიას. იგი ლომიას გადაცემის შემდეგ ურტყამდა შეუჩერებლივ, თუმცა სტუმართა კარის დალაშქვრა ვერც მან მოახერხა. რაც დრო გადიოდა მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო იზრდებოდა. გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ ჯავაშვილს და ეხვაიას. განსაკუთრებით ლევან წურწუმია აქტიურობდა, რომელიც მარცხენა ფრთიდან მოსვენებას არ აძლევდა სტუმართა მცველებს. ერთ-ერთი ფლანგური გარღვევის დროს მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა აბრამიძემ, რასაც ფეხბურთელთა შელაპარაკება და არეულობა მოჰყვა, რომელშიც ორივე გუნდის მთელი შემადგენლობა ჩაერთო, თუმცა ხარიტონაშვილმა სიტუაცია მალევე ჩააწყნარა. მან კინკლაობის წამომწყებნი აბრამიძე და წურწუმია გააფრთხილა, ხოლო ლომია და მახვილაძე მოედნიდან გააძევა.
შეხვედრის დარჩენილ დროში მასპინძლები შეტევებს განაგრძობდნენ. მატჩის უკანასკნელ წუთებში კარის აღების რეალური შანსი ჰქონდა ღონღაძეს, მაგრამ მისი მცდელობაც უშედეგო გამოდგა და ,,ზუგდიდმა” გამარჯვება ვერც საკუთარ კედლებში მოახერხა.
პრესკონფერენცია:
ნესტორ მუმლაძე (“ზუგდიდი”): “საკუთარ მოედანზე პირველად ვთამაშობდით. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ბევრი საგოლე შანსი გავანიავეთ. იმედი მაქვს სანაკრებო პაუზას ნაყოფიერად გამოვიყენებთ და სატურნირო ცხრილის უკანასკნელ ადგილს თავს დავაღწევთ.”
რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედო”): “პირველ ყოვლისა ზუგდიდლებს ფეხბურთის დაბრუნებას ვულოცავ. ძალიან დაძაბული და კარგი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ მაყურებელი ნასიამოვნები დარჩებოდა. ჩემი აზრით მსაჯებმა რთულ თამაშს თავი ნორმალურად გაართვეს.”
“ზუგდიდი” (ზუგდიდი) – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:0 (0:0)
5 ოქტომბერი. 15.00. ზუგდიდი. “ბაიას” საწვრთნელი ბაზა. 500 მაყურებელი.
“ზუგდიდი”: თევდორაძე, რიგვავა, მირცხულავა, ლ. ღონღაძე, ტყემალაძე, ჯავაშვილი, დ. ქირია (ნ. ქირია 85), შ. ლომია(კ), წურწუმია, ფარჯიკია (ვ. კვარაცხელია 46), ეხვაია; YY
მთ. მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე
“ტორპედო”: თებიძე, ტაბატაძე, მახვილაძე, აბრამიძე, ბონდარენკო, ჩიკვილაძე (კ) (ნ. კვასხვაძე 65), დრევალი, ჩაკვეტაძე, ბაბუნაშვილი (ჩადუნელი 53), კვერნაძე, ფიფია (ბ. ტუღუში 69);
მთ. მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: ჯავაშვილი (31), თევდორაძე (42), წურწუმია (80), აბრამიძე (80), ბ. ტუღუში (83);
გაძევება: შ. ლომია (80), მახვილაძე (80);
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი
ვახტანგ დათიაშვილი ზუგდიდიდან