რაგბი

12:40 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: ჯგუფებს სათავეში "არმია" და "ტაო" უდგანან

რამდენიმე მორაგბის კოვიდ-ტესტის პასუხი დადებითი გამოდგა, რის გამოც რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურისა და საშეჯიბრო კომიტეტის მიერ COVID-19-თან ბრძოლაში მიღებული პრევენციული ზომების განახლებული ვერსიის საფუძველზე, რიგი ოფიციალური შეხვედრები გადაიდო, რომელთა შორის პირველ ლიგელების, ‘დევები’-‘ყაზბეგისა’ და ‘ბაგრატი’-‘დინამოს’ მატჩებიც მოხვდა. აღნიშნული შეხვედრები საშეჯიბრო დებულების თანახმად, სათამაშო კალენდარში „ფანჯრის“ გამოჩენისთანავე, პირველივე უქმეებზე გაიმართება.

„ა“ ჯგუფი

ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ‘არმია’ დედაქალაქურ დერბიში ‘ივერიას’ ‘შევარდენზე’ დაუპირისპირდა. ‘ჯარმა’ პირველობის მესამე შეხვედრაც დამაჯერებლად, პრემიის თანხლებით 43:3 მოიგო. მარცხის მიუხედავად, გასულ სეზონთან შედარებით, ‘ივერია’ გაცილებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს. გუნდს აშკარად დაეტყო გამოცდილი ვაჟა პაიჭაძის ხელი.

‘არმიამ’ მატჩის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარა და ხელდახელ თამაშში, სწრაფი ჩათამაშებითა და ინდივიდუალური გარღვევებით, 7 უპასუხო ლელო გაიტანა, მეტოქე კი ფულბეკ ლაშა სირაძის ეულ ჯარიმას დააჯერა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შოთა ღუდუშაურის დადებული ლელო. ‘არმიელთა’ მგეზავმა მატჩის დებიუტში მეტოქის ლამის ნახევარი გუნდი ჩამოიცილა და მეტად ეფექტური ლელოც გაიტანა. ლაშა აზალაძის შეგირდებმა მაქსიმალური, 15 საცხრილო ქულით, ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცეს.

პირველობის დებიუტანტმა ‘ხვამლმა’ სეზონში პრემია პირველად აიღო და მეორე გამარჯვება მოიპოვა. მუხიანელებს, თელავის ‘ჭადართან’ საშინაო შეხვედრაში პრობლემები არ შექმნიათ, რასაც მატჩის ანგარიშიც 38:3 ნათლად მოწმობს.

წინა ტურში, ჯგუფის ფავორიტ ‘არმიასთან’ განცდილი მარცხის შემდეგ, ‘ხვამლის’ დამრიგებელმა რატი ურუშაძემ გუნდის შემადგენლობასა და თამაშში გარკვეული კორექტივები შეიტანა, რამაც მუხიანელთათვის ეფექტური და სასურველი შედეგი გამოიღო. უპირატესად, ‘ხვამლის’ ხაზის კარგი თამაშია აღსანიშნავი. დაცვაში საიმედო ქმედებას, მუხიანელები მაღალ სიჩქარეზე ოვალის სწრაფ ჩათამაშებას კარგად უთავსებდნენ, რასაც მასპინძელთა მხრიდან 5 უპასუხო ლელო მოყვა, კახელები კი მგეზავ ილია მელაძის კინკილა ჯარიმას დასჯერდნენ. ‘ხვამლის’ მარცხენა ფრთა ლაშა კაკაურიძემ ლელოს გატანა ორივე ტაიმში მოახერხა.

‘ხვამლმა’ სატურნირო ცხრილში 2 საფეხურით აინაცვლა და ლიდერ ‘არმიას’ კვალ, მეორე ადგილზე განთავსდა.

„ბ“ ჯგუფი

ტურში ‘ყაზბეგის’ უთამაშებლობის გამო, ოზურგეთში, ’არწივებისა’ და ‘ტაოს’ შეხვედრის გამარჯვებული ჯგუფის სათავეში ექცეოდა. მოსალოდნელისამებრ უკომპრომისო, დაძაბული მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.

პირველობის ორი გასვლითი წარმატებული შეხვედრით ფრთაშესხმული ‘არწივები’, კარგად მომზადებულ საშინაო არენაზე მორიგ გამარჯვებას ეშურებოდნენ, 3 ლელოს გატანაც მოახერხეს, ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა უკეთ მომზადებულ მესხებთან ვერაფერი გააწყეს და მატჩიც 20:28 დათმეს.

‘ტაომ’ თავიდან აქცენტი ძალისმიერ თამაშზე გააკეთა და სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე სწრაფი, ხელდახელ თამაშით მასპინძლებს დიდი პრობლემები შეუქმნა. პირველ ტაიმში მესხთა შუამარბმა ლევან ბუცხრიკიძემ „დუბლი“ შეასრულა. მეორე ტაიმში ‘ტაოს’ უპირატესობა მარბიელ კოტე გელაშვილის ლელომ გაამყარა. გურულთა საუკეთესო მელელოვე გოჩა ჯიქიას გარღვევამ (მარჯვენა ფრთა ჯიქიას სეზონში უკვე 5 გატანილი ლელო დაუგროვდა) ‘არწივებს’ შეხვედრის შემოტრიალების შანსი გაუჩინა, თუმცა ‘ტაოს’ მგეზავმა ნიკა ჯანელიძემ 2 გარდასახვასა და ამავე ოდენობის ჯარიმას, ბოლო წუთებზე კიდევ ერთი გატანილი ჯარიმა დაურთო და მასპინძლებს ნუგეშის აღებაც არ დაანება. მიჯრით 3 მოგებითა და 13 ქულით ‘ტაო’ „ბ“ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, თუმცა ჯგუფის პოტენციურ ლიდერად უდანაკარგოდ მყოფი ‘ყაზბეგი’ რჩება.

პირველობის დებიუტანტებმა, წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ და ჭიათურის ‘იმერეთმა’ იმერული დერბი ქუთაისში გამართეს. მეტოქეებს აქტივში თითო ნუგეშ-ქულა ქონდათ და პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლაც ფიცხელი გაჩაღდა.

წყატუბოელთა ჰუქერ ლაშა გოგისვანიძის ლელოს, ჭიათურელთა შუამარბმა ნიკოლოზ მაჭარაშვილმა „დუბლით“ უპასუხა და შესვენებაზე ზემო იმერლები 3-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევრის დებიუტში კი ‘იმერეთის’ ლეგენდარულ დამრიგებელ ზურა ხარშილაძეს, მიკროტრავმების გამო ორივე ბურჯის შეცვლა იძულებით მოუხდა, რომელთა სრულფასოვანი შემცვლელნი „ზახარიჩს“ არ აღმოაჩნდა.

სტატიკაში დასუსტებული მეტოქის გამკლავება ზაზა ჩირგაძის შეგირდებს არ გაჭირვებიათ. მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა შალვა ჯაჯაიამ 2ნძალისმიერი ლელო გაიტანა, რასაც წყალტუბოელთა მგეზავმა ოთარ ვარდანიძემ 3 ჯარიმაც დაურთო. ‘დინოზავრმა’ სეზონში პირველი გამარჯვება გაიფორმა – 26:13.

0.106779