ბლოგი

16:58 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგორ ვითამაშოთ ჩოგბურთი

ძველი ბერძნებისა და რომაელების თამაშებს თუ არ ჩავთვლით, რომლებშიც ბურთს ხელით ან ჯოხით იგერიებდნენ, ჩოგბურთის მსგავსი თამაში პირველად ნახსენებია 12-13 საუკუნეების იტალიურ წყაროებში. თამაშს ჯიდოკო ერქვა და მასში ბურთის მოგერიება ხის ფარით ხდებოდა. 14-ე საუკუნეში საფრანგეთში ძალზე პოპულარული იყო “თამაში ხელისგულით“ (ჟე დე პომ), რომელმაც თანამედროვე ჩოგბურთის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ამ თამაშს თამაშობდნენ დარბაზებშიც და ღია ცის ქვეშაც. 16-ე საუკუნიდან ჩოგანიც გამოჩნდა. სულ მალე თამაშმა აღიარება ინგლისშიც მოიპოვა. ინგლისელებმა მას ნამდვილი ჩოგბურთი უწოდეს.

თავდაპირველად ჩოგბურთს ტყავის ბურთით თამაშობდნენ, რომელსაც ნახერხით, ჩვრებით ან ბალახით ტენიდნენ. ასეთი ბურთებით თამაში მხოლოდ მკვრივ ზედაპირზე შეიძლებოდა. რეზინის ბურთების გამოგონების შემდეგ შესაძლებელი გახდა ჩოგბურთის ბალახზე თამაში. 1874 წელს ინგლისში მაიორი უინგფილდის წყალობით ე.წ. ლაუნ ტენისი გაჩნდა (ჩოგბურთი ბალახზე). ბრიტანული არმიის ოფიცერმა თანამედროვე თამაშის მსგავსი წესებიც ჩამოაყალიბა.

პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წელს სწორედ უილმბდონში ჩატარდა. მას შემდეგ ეს ტურნირი ტრადიციულად და ყველაზე პრესტიჟულად იქცა. 1913 წელს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა, რომელიც დღეს 200-მდე ნაციონალურ ფედერაციას აერთიანებს.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩოგბურთი 1896 წელს შევიდა. ამ წლიდან ოლიმპიადაზე მამაკაცთა შეჯიბრი იმართებოდა, 4 წლის შემდეგ კი ქალი ჩოგბურთელებიც გამოჩნდნენ. 1928 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩოგბურთი, როგორც სპორტის პროფესიული სახეობა, თამაშების პროგრამიდან ამოიღო. მას შემდეგ რამდენიმე ათწლეული ჩოგბურთს ოლიმპიადებზე აღარ თამაშობდნენ და მხოლოდ 1968 წელს მეხიკოში ჩოგბურთის საჩვენებელი ტურნირი ჩატარდა. ოლიმპიური სახეობის სახელი კი ჩოგბურთმა მხოლოდ 1988 წელს სეულში დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად საჩოგბურთო კორტი აუცილებელი არ არის. საკმარისია კედლისგან 5-7 მეტრის მოშორებით დადგეთ, მარცხენა ფეხი წინ წასწიოთ, ბურთი მიწაზე დააგდოთ და მისგან ასხლეტილს ქვემოდან ჩოგანი მოუქნიოთ. გაიმეორეთ ეს მოძრაობა მანამ, სანამ კედლიდან ასხლეტილი ბურთის ზედიზედ 15-20-ჯერ მოგერიებას ვერ შეძლებთ. ასხლეტილი ბურთის ძალიდან გამომდინარე, წინ და უკან გადაადგილება შეგიძლიათ.

ამ ელემენტარული დარტყმის ათვისების შემდეგ ბურთის ჩახვევა უნდა ისწავლოთ. საამისოდ ჩოგანი ქვევიდან ზევით და წინ უნდა ამოძრაოთ. შემდეგ მარცხნიდან დარტყმაზე ივარჯიშეთ. მისი განხორციელება როგორც ცალი, ისე ორი ხელით შეიძლება. აქ მნიშვნელოვანია ბურთის მიწაზე დაცემამდე 90 გრადუსით მარცხნივ მოტრიალდეთ. ამ ილეთების შესწავლის შემდეგ კორტზე გასვლასაც შესძლებთ.

0.121592