ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში ამერიკელი თავდამსხმელი დენი მუსოვსკი ითამაშებს, რომელიც აშშ-ში დაიბადა და ფეხბურთსაც იქ თამაშობს, თუმცა რა თქმა უნდა, მაკედონიური ფესვები აქვს.
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ მუსოვსკიმ მას ნაკრებში თამაშზე დადებითი პასუხი გასცა.
„ნამდვილად მოხარული ვარ, რომ დენიმ მაკედონიის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. გულახდილი საუბარი გვქონდა და ველოდებით ჩვენს გუნდში ნოემბრის მატჩებისთვის. ის შეტევაში კონკურენციას გააძლიერებს, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება“, - აღნიშნა ანგელოვსკიმ.
იმისთვის, რომ დენი მუსოვსკი საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის განაცხადში იყოს, მანამდე პასპორტი უნდა აიღოს, თუმცა რადგან მის მშობლებს მაკედონიის მოქალაქეობა აქვთ, ეს პროცესი შესაძლოა სწრაფად წარიმართოს.
24 წლის დენი მუსოვსკი „ლოს ანჯელესის“ თავდამსხმელია და MLS-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.