ჯირო დ’იტალიას მორიგი, მე-13 ეტაპია გამარჯვებული ისევ ფოტო ფინიშმა გაარკვია, რომელმაც დაადგინა, რომ იტალიელმა დიეგო ულისიმ მიმდინარე რბოლისას მეორე გამარჯვება მოიპოვა. თანაც მან მალია როსა (ვარდისფერი მაისური - რბოლის ლიდერი), პორტუგალიელი ჟოაო ალმეიდა ჩამოიტოვა.
მაგრამ ალმეიდა (დესონინკ ქვიკ-სტეპი) ამითაც კმაყოფილი დარჩა, რადგან მეორე ადგილისთვის ექვსი ბონუს წამი დაიმსახურა და მათი მეშვეობით, კლასიფიკაციაში უპირატესობაც გაზარდა. მესამე ადგილი ავსტრიელმა პატრიკ კონრადმა (ბორა-ჰანსგრო) დაიკავა, ვინც ასევე ფოტო ფინიშში მონაწილეობდა.
ორი მკვეთრი აღმართის წყალობით, პელოტონი რამდენიმე ჯგუფად დაიყო, სათავეში კი შვიდკაციანი ჯგუფი აღმოჩნდა, რომელთა შორისაც, ნახსენები სამეულიც იყო. ბოლო აღმართის დახრა 20 პროცენტსაც კი აღწევდა და სწორედ აქ ჩამორჩა ფრანგი არნო დემარი (გრუპამა FDJ), რომელსაც უკვე ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ამ 192-კილომეტრიან ეტაპზეც ფავორიტი იყო.
მოწინავეთა დაწევა სცადა სლოვაკმა პეტერ შაგანმა, ვისაც დემარისთვის საუკეთესო სპრინტერის ჩათვლაში ლიდერობის ჩამორთმევის შანსი ჰქონდა, მაგრამ მათ 23 წამით ჩამორჩა.
საინტერესოა, რომ 31 წლის ულისის (UAE-ტიმ ემირატსი) ჯიროზე სულ რვა რბოლა აქვს მოგებული, რითაც თანამედროვე იტალიელ მრბოლებს შორის საუკეთესოა. მიმდინარე რბოლაში პირველად მე-2 ეტაპზე, სიცილიაში გაიმარჯვა.
„ბოლო აღმართზე შესანიშნავად ვიმუშავეთ და თანაგუნდელებმა ხელსაყრელ პოზიციაზე გამიყვანს. ჩვენ სპრინტერების ჩამოტოვება შევძელით და პელოტონი მცირე ჯგუფამდე შევამცირეთ. აღმართის სწრაფად გავლამ ძალიან დამღალა, მაგრამ მაკნალტის დახმარებით, ბრძოლის გაგრძელება შევძელი“, - ყვება ულისი. ამერიკელმა ბრენდონ მაკნალტიმ ულისი ლამის ფინიშამდე მიაცილა და დიდი როლი ითამაშა მის გამარჯვებაში.
13 ეტაპის შემდეგ, ალმეიდა თავის უახლოეს მდევარს, ჰოლანდიელ ვილკო კელდერმანს (ტიმ სანვები) 40 წამს უგებს. მესამეზე მყოფი ესპანელი პელო ბილბაო (ბაჰრეინ-მაკლარენი) კი ლიდერისგან 49 წამშია.







