ფეხბურთი

21:33 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსების ვარაუდი: "ევრო 2020 კვარაცხელიას ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის და "რუბინმა" მანამდე უნდა მოიცადოს"

რუსული გამოცემა sport.business-gazeta ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ 19 წლის ქართველი ფეხბურთელის ფასი უფრო და უფრო იზრდება. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ხვიჩა ევროპის ჩემპიონატთან ერთა ნაბიჯიშია და თუ იქ ითამაშებს, მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

წერილში მონათხრობია ევრო 2020-ის პლეი-ოფი, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მომავალი ფინალური დაპირისპირება და ის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვლადიმირ ვაისი მარჯვენა ფლანგზე იყენებს, რადგან მარცხნივ სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, მაგალითად საუკეთესო ვაკო ყაზაიშვილი (ასე წერს გამოცემა). იქვე ვაისის ციტატაც მოყვანილია, სადაც ხსნის, რომ მარცხნიდან ნაკრებს ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ჰყავს, ხოლო ხვიჩას მარჯვნიდანაც კარგად შეუძლია თამაში. თუმცა, შემდეგ გამოცემა სკოპიეში კვარაცხელიას გოლს იხსენებს, რომელიც ჩვეულ სტილში, მარცხენა ფლანგიდან დრიბლინგის შედეგად გაიტანა და ავტორი აღნიშნავს, რომ ახლა ვაისს გადაწყვეტილების გადახევდა მოუწევს, რადგან კვარაცხელიამ დაუმტკიცა, რომ მისთვის იდეალური პოზიცია მარცხენა ფლანგია.

სტატიის ერთ-ერთ მონაკვეთში ვკითხულობთ:

„კონკრეტულად „რუბინისთვის“ ხვიჩას ევრო 2020-ზე მონაწილეობა დიდი წარმატება იქნება. სიტუაცია არ არის იმის იდენტური, რაც იყო 2018 წელს, როდესაც მუნდიალზე სერდარ აზმუნმა ითამაშა. ირანელი მოთამაშე ზრდასრულ ასაკში და ფორმის პიკზე იყო. ხვიჩას შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ის გაცილებით ახალგაზრდაა, ახლა მას თვალს ადევნებენ, მაგრამ ევრო 2020-ზე უზარმაზარი პლატფორმაა სკაუტებისა და ტოპ კლუბების მენეჯერების. ხვიჩამ შეიძლება ვერ გაიტანოს გოლი ან ვერ მოიპოვოს პენალტი, მაგრამ მაინც მოიზიდოს ევროპული გრანდების ინტერესი, სწორედ მისი ასაკისა და თამაშის თამამი სტილის გამო. შეიძლება ნიდერლანდებთან თავის გამოჩენა ძნელი იყოს, მაგრამ უკრაინასთან და ავსტრიასთან ხვიჩას თავისი უნარის წარმოჩენის ყველანაირი შანსი ექნება.

„რუბინს“ გაუჭირდება ევროთასებზე გასვლა, მაგრამ კლუბს შეიძლება ყავდეს ევროპის ჩემპიონატზე თავისი ფეხბურთელები. ფილიპ ურემოვიჩს, კარლ სტარფელტს, ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას შანსი აქვთ ტურნირზე ითამაშონ და ყაზანური გუნდი თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში წარმოადგინონ. თუმცა, ცხადია, ხვიჩასგან ბევრად მეტი მოლოდინი იქნება. თუ ის აჩვენებს ჩვეულ დარტყმებს, პასებს და შეტევაში ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ბოლო მატჩებში, ის ნამდვილად გახდება ძვირფასი „რუბინისთვის“. დღეს ქართველის სატრანსფერო ღირებულება განიხილება 10-15 მილიონი ევროს ოდენობით, მაგრამ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ამ ფასის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია. „რუბინი“ რასაკვირველია არ ჩქარობს, რომ თავისი ღირებული აქტივი დროზე ადრე გაყიდოს. 12 ნოემბერს, თუ ხვიჩა ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, მაშინ 11 ივნისიდან 11 ივლისამდე (ტურნირის ჩატარების თარიღი) „რუბინს“ ნამდვილად შეუძლია ქართველის გაყიდვა დაივიწყოს“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, საქართელოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 5 თამაში აქვს ჩატარებული, 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა და ერთხელაც პენალტი მოიპოვა. „რუბინთან“ მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.130898