იმ დროს, როდესაც გუნდი „EF პრო საიკლინგი“, მონაწილეთა შორის, კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯირო დ’იტალიას ნაადრევად შეწყვეტას მოითხოვს, მე-12 ეტაპი, რომელიც ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით გაიმართა, „ინეოს გრენადერსის“ ეკვადორელი ჯონატან ნარვაესის გამარჯვებით დასრულდა.
რბოლა ჩეზენატიკოს გარშემო, იმ ადგილებში გაიმართა, სადაც ლეგენდარული მარკო პანტანი ვარჯიშობდა ხოლმე. 23 წლის ნარვაესი გახდა მესამე ეკვადორელი, რომელმაც იტალიური ველომარათონის ეტაპზე გამარჯვება შეძლო. პირველიც „ინეოსის“ რიჩარდ კარაპასია, რომელმაც ჯირო შარშან მოიგო, მეორე კი ასევე „ინეოსის“ წევრი ჯონათან კასიედოა, რომელმაც მიმდინარე რბოლის მესამე ეტაპზე, მთა ეტნაზე გაიმარჯვა. რაც შეეხება მიმდინარე რბოლაში გუნდის სამ გამარჯვებას, პირველი მათგანი იტალიელმა ფილიპო განამ, პირველივე ეტაპზე (დროზე რბოლა) მოიპოვა.
ნარვაესის გამარჯვებას ხელი მისი მეტოქის, უკრაინელი მარკ პადუნის (ბაჰრეინ-მაკლარენი) უიღბლობამაც შეუწყო. ორივემ 204-კილომერტრიან მარშრუტზე, პელოტონის უკან მოტოვება შეძლო, მაგრამ მეხუთე და ბოლო სამთო მონაკვეთიდან დაშვებისას, პადუნის ველოსიპედზე წინა ბორბალი დაზიანდა, რომელიც მას ფინიშამდე 25 კილომეტრით ადრე შეუცვალეს.
პადუნმა დროზე რბოლის ტემპში სცადა ნარვაესის დაწევა, მაგრამ საბოლოოდ, მას მაინც წუთზე მეტით ჩამორჩა. ფინიშთან მესამე, ავსტრალიელი საიმონ კლარკი (EF პრო საიკლინგი) მივიდა, ვინც გამარჯვებულს თითქმის შვიდი წუთით ჩამორჩა.







