ჯერ ჯირო დ’იტალია არ დასრულებულა და უკვე ვუელტა ესპანია იწყება. ასეთია კორონავირუსის პანდემიის გამო შევიწროებული კალენდარი. ესპანური ველომარათონი სტარტს სამშაბათს აიღებს.
ტურ დე ფრანსის მსგავსად, ვუელტაზეც ფავორიტები „ინეოს გრენადერსი“ და „ჯუმბო ვისმა“ იქნებიან. პირველის ლიდერი სახელოვანი ბრიტანელი კრის ფრუმია, ვისთვისაც ეს „ინეოსის“ მაისურით ბოლო ასპარეზობა იქნება. მეორეს კი ტურის მსგავსად, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი გაუძღვება, რომელმაც საფრანგეთში გამარჯვება, ბოლოსწინა ეტაპზე გაუშვა ხელიდან.
ფრუმს, ვისაც ტურ დე ფრანსი ოთხჯერ აქვს მოგებული, შარშანდელი მძიმე ავარიის შემდეგ, საუკეთესო შესვლა გაუჭირდა. ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, „ინეოს გრენადერსს“ მეორე ლიდერიც ეყოლება ჯიროს შარშანდელი ჩემპიონის, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასის სახით.
რაც შეეხება „ჯუმბო-ვისმას“, ეს გუნდი ახლახანს ჯიროდან მოიხსნა, რისი მიზეზიც, მისი ველომრბოლის, ჰოლანდიელი სტივენ კროისვიიკის კორონვირუსით ინფიცირება გახდა. როგლიჩის გარდა, გუნდის მეორე ლიდერია ჯიროს ყოფილი ჩემპიონი ტომ დუმოლენი.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული 21-ის ნაცვლად, წელს ვუელტას 18 ეტაპი ექნება. ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზატორებმა პანდემიის გამო, ველომარათონის საწყისი, ჰოლანდიური ეტაპები გააუქმეს. სწორედ ესაა იმის მიზეზიც, რომ რბოლა შაბათის ნაცვლად, სამშაბათს დაიწყება.







