ფეხბურთი

21:28 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალს საუკეთესო ფორმაში შევხვდე"

ესპანური "ტენერიფესა" და საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საგანგაშო არაფერია, მალე თამაშს შეძლებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

"მოგესალმებით. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიწია. ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე MRI, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდ.მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე", - თქვა კაკაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძემ კუნთის ტრავმა საქართველო - ბელარუსის მატჩში მიიღო და ერთა ლიგის შეხვედრების გამოტოვება მოუწია.

0.126959