ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ეზგიან ალიოსკიმ საქართველოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ლიდს იუნაიტედის“ ფეხბურთელის განცხადებით, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარში პენალტი გაიტანა, ევროპის ჩემპიონატამდე 90 წუთი დარჩათ.
„მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ვთამაშობდით, სამი ქულის მოპოვება გვინდოდა, მაგრამ შემდეგ კაცნაკლული დავრჩით, ამიტომ გოლიც გავუშვით, თუმცა, კარგია, რომ ანგარიშის გათანაბრების ძალისხმევა გვქონდა. ბოლო ორი მატჩის წინ კარგ მდგომარეობაში ვართ და ჯგუფში პირველ ადგილს ვინარჩუნებთ.
ერთ კვირაში სამი თამაშის ჩატარება დამღლელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ თამაშში მხოლოდ 2 ქულა მოვიპოვეთ, ვფიქრობ, ეს მატჩები ჩვენთვის წარმატებული იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კოსოვოსთან ნანატრი გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა ისტორიასთან და ევროპის ჩემპიონატამდე 90 წუთი დაგვრჩა. ნოემბრის მატჩებისთვის ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, რომ პრობლემები არ გვქონდეს კორონავირუსთან და დაზიანებებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ფსიქიკურად ბევრად უფრო კარგად ვიქნებით მზად, რადგან წარმატების მიღწევა მხოლოდ ამ გზით შეიძლება“, - თქვა ალიოსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს და გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თავის ისტორიაში პირველად გავა. რაც შეეხება ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს - საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 6-6 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურში ვლადიმირ ვაისი გუნდი საკუთარ მოედანზე სომხეთს დაუხვდება (15 ნოემბერს).