სხვა

3:06 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა პულევთან ტიტულების დასაცავად ლონდონში იბრძოლებს

ბულგარელმა მძიმეწონოსანმა მოკრივე კუბრატ პულევმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ბრიტანელ ჩემპიონ ენტონი ჯოშუას ლონდონში, 12 დეკემბერს შეხვდება. ჯოშუას ტიტულებისთვის ეს ბრძოლა 20 ივნისს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

„ეს ოფიციალურია: პულევი ჯოშუას წინააღმდეგ 12 დეკემბერს, ლონდონში დაინიშნა“, - წერს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ბულგარელი მოკრივე და დასძენს, რომ კონტრაქტი ხელმოწერილია და ბრძოლის თარიღი და ადგილი არ შეიცვლება. „უკან დასახევი გზა აღარაა. გადადბა და ახალი თარიღი გამორიცხულია. დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს“, - წერს პულევი.

მას არ დაუკონკრეტებია, ბრძოლა ცარიელი ტრიბუნის წინაშე გაიმართება, თუ არა. ჯოშუას პრომოუტერ ედი ჰერნს სურდა, რომ ბრძოლის ადგილად ახლო აღმოსავლეთი შერჩეულიყო, თუ იქ მაყურებელს დაუშვებდნენ.

ბრიტანელი მოკრივის ხელში ამჟამად WBA-ს (კრივის მსოფლიო ასოციაცია), IBF (კრივის საერთაშორისო ფედერაცია), WBO (კრივის მსოფლიო ორგანიზაცია) და IBO (კრივის საერთაშორისო ორგანიზაცია) ქამრებია, რომლებსაც ამერიკელ ენდი რუისთან საუდის არაბეთში, დეკემბერში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაეუფლა.

პულევთან შეხვედრა მისთვის სავალდებულოა. ბულგარელი ამ შეხვედრას უკვე სამი წელი ელის. მათ 2017 წლის ოქტომბერში უნდა ებრძოლათ, მაგრამ პულევმა მზადებისას მხრის ტრავმა მიიღო და შეხვედრაც არ შედგა. გამრჯვების შემთხვევაში, ჯოშუა მომდევნო ბრძოლას თანამემამულე ტაისონ ფიურისთან გამართავს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) ტიტულს ფლობს. ტიტულების გამაერთიანებელი ეს ბრძოლა მომავალ წელს უნდა ჩატარდეს.

0.111935