ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოსთან (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. მაკედონიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და დაამტკიცა, რომ არასდროს ნებდება.
„ამ თამაშმა აჩვენა, რომ მაკედონია არასდროს ნებდება. მიუხედავად ყველაფრისა, შევეჩვიეთ, რომ საქართველოსთან კაცნაკლულები უნდა ვიყოთ, ასე იყო პირველ მატჩშიც. თუმცა, თამაშში დავბრუნდით და ხასიათი გამოვავლინეთ. ყველამ აჩვენა საბრძოლო სულისკვეთება.
როგორც მწვრთნელი ინდივიდუალურად არავის ვაკრიტიკებ, ასე, რომ არც დიმიტრიევსკის გავაკრიტიკებ. დავუძახე, რომ ფეხით ეთამაშა, მემგონი ეს ყველამ გაიგო, რადგან სტადიონზე გულშემატკივარი არ იყო. თუმცა, კარგია, რომ დისვალიფიკაცია პლეი-ოფის ფინალზე არ მოქმედებს და საქართველოსთან მატჩში მისი იმედი გვექნება.
სამი მატჩის ასეთ მოკლე პერიოდში ჩატარება სამართლიანი არ არის, ტკივილგამაყუჩებლებით, ტრავმებით ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ, რადგან კოსოვო დავამარცხეთ და ერთა ლიგის ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე ვართ. ნოემბრის მატჩებისთვის 23 ჯანმრთელ ფეხბურთელს გამოვიძახებ, რომლებიც მზად იქნებიან. ამ წუთისთვის შეუძლებელია იმის თქმა, რომ ყველანი მზად იქნებიან საქართველოსთან მატჩისთვის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, რადგან ხედავთ კორონავირუსის მდგომარეობას. იმედი მაქვს, ყველა ვისაც ვენდობი, გუნდში იქნება“, - თქვა ანგელოვსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს და გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თავის ისტორიაში პირველად გავა. რაც შეეხება ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს - საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 6-6 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურში ვლადიმირ ვაისი გუნდი საკუთარ მოედანზე სომხეთს დაუხვდება (15 ნოემბერს).