ფეხბურთი

0:43 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

არაფრისგან დაკარგული ძვირფასი ქულები

სომხეთთან ბოლო წუთებზე დაუდევრობით დაკაგული ორი ქულა მონელებული არ გვქონდა და სკოპიეშიც იგივე დაგვემართა. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა და დამსახურებულ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

პირველი ტაიმი გუნდებმა ერთმანეთის დაზვერვაში გაატარეს. მეტიც, საქართველოს ნაკრები უკან დადგა და მეტოქეს დაელოდა, რომელსაც ხიფათის შექნის შესაძლებლობა თითქმის არ მისცა. მეორე ნახევარში ვლადიმირ ვაისის გუნდი ოდნავ გააქტიურდა, თუმცა მომენტები ისევ არ იქმნებოდა. ბუბა დაუშვილისა და კოსტადინოვის დარტყმები მეორე ტაიმის სტარტზე პირველი იყო, რის შედეგადაც მეკარეებს საქმეში ჩართვა მოუწიათ.

68-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა ჩინებული პასით საბა ლობჟანიძე კარგ პოზიციაში გაიყვანა, რომელსაც მასპინძელთა მეკარე დიმიტრევსკიმ დაასწრო, ხელით, ოღონდ საჯარიმოს გარეთ და დამსახურებულად გააძევეს. ვაისმა უმალვე სცადა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და საყრდენი დაუშვილი ხვიჩა კვარაცხელიათი შეცვალა.

4 წუთში 19 წლის ტალანტმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტი გოლი გაიტანა. მანამდე იყო ნიკა კაჭარავას მომენტი და მასპინძლები ძელმა გადაარჩინა, ეპიზოდი კუთხურით დასრულდა. ხვიჩამ ჩააწოდა, ბურთი ისევ მას დაუბრუნდა და ფანტასტიკურად ითამაშა, ორ მცველში გაძვრა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ულამაზესი გოლი იყო. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დავწინაურდით, რიცხობრივი უპირატესობაც გვქონდა და თითქოს გამარჯვება ძალია ახლოს იყო, რაც ჯგუფში პირველ ადგილს პრაქტიკულად გააფორმებდა... გვქონდა თამაშის დახურვის ორი დიდებული შანსი - კვარაცხელიას პასით ვაკო ყაზაიშვილმა სცადა გატანა და მეკარემ აუღო. მართალია დამატებაზე კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე იყო და სამართლიანად გაუქმდა გოლი. სულ მალე იგივე მომენტი შეიქმნა, ამჯერად კაჭარავ ურტყამდა და მაკედონიელები კვლავ მეკარემ გადაარჩინა.

პოლონელმა არბიტრმა თამაშს 5 წუთი დაამატა და თითქოს ყველაფერი მშვიდი დასასრულისკენ უნდა წასულიყო, როდესაც ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. მსაჯის აზრით, ვაკო გვილიამ ზაიკოვზე იუხეშა და ალიოსკიმ წონასწორობა აღადგინა - 1:1.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ისტორიაში ისევ დაუმარცხებელია (6 მოგება, 4 ფრე), ჯგუფს კი კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ლიდერობს (6-6 ქულა). შემდეგ მოდის სომხეთის ნაკრები 5 ქულით, რომელიც ტალინში ესტონეთს დაუზავდა (1:1). მომდევნო ტურში 15 ოქტომბერს, საქართველო სომხეთს უმასპინძლებს, მაკედონიელები ესტონელებს.

თუმცა, მანამდე სამი დღით ადრე, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში დაუხვდება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდანაკლისი ჰქონდა მეტოქეს - საქართველოს ნაკრებსაც ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა. ფაქტია, ბელარუსთან მოგების შემდეგ თავისუფლად შეგვეძლო სომხეთისა და მაკედონიელთა ძლევა და ქულათა მაქსიმუმის მოპოვება, მაგრამ მხოლოდ 2 მოვიპოვეთ... ოქტომბრის მთავარი მიზანი მაინც შესრულებულია - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ერთ ნაბიჯშია.

ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1 (0:0)

სკოპიე, „პროესკი არენა“

ჩრდ. მაკედონია (3-4-3): დიმიტრიევსკი; ზაიკოვი, ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80); რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი; პანდევი, ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 71), ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80)

მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (კობახიძე 90); დაუშვილი (კვარაცხელია 70), კვეკვესკირი; კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), გვილია, ყაზაიშვილი (ნავალოვსკი 90); ქვილითაია (კაჭარავა 70)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 კვარაცხელია (74), 1:1 ალიოსკი (90, პენ)

გაფრთხილება: ალიოსკი (86) - ქვილითაია (51), დაუშვილი (66)

გაძევება: დიიტრიევსკი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 9 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი)

0.207943