არნო დემარმა დღეს ჯირო დ’იტალიას მე-11 ეტაპი მოიგო და ლეგენდარული ბერნარ ინოს შემდგ გახდა მეორე ფრანგი ველომრბოლი, ვინც ერთ ჯიროზე ოთხი ეტაპის მოგება შეძლო. ლიდერის პოზიცია იოლად შეინარჩუნა პორტუგალიელმა ჟოაო ალმეიდამ.
„გრუპამა FDJ-ს“ მრბოლმა ამ მოგებით, სპრინტერთა ჩათვლაში უპირატესობაც განიმტკიცა. კვლავ მეორე ადგილს დასჯერდა სლოვაკი პეტერ შაგანი (ბორა-ჰანსგრო), ვინც ბევრი მცდელობის შემდეგ, წინა ეტაპი მოიგო, თუმცა უკვე მეოთხედ მიასწრეს ფინიშთან.
ადრიატიკის სანაპიროზე გამავალი 182-კილომეტრიან მარშრუტი, რომლის ფინიშიც ქალაქ რიმინიში იყო, სპრინტერებს მიესადაგებოდა. 29 წლის დემარმა ამჯერადაც თანაგუნდელების თანადგომით ისარგებლა. საფინიშო სწორის დასაწყისამდე ის იტალიელმა თანაგუნდელმა ჯაკოპო გარნიერიმ მიაცილა, რის შემდეგაც მკვეთრად გაზარდა სიჩქარე და ყველა მეტოქე უშანსოდ დატოვა.
ამგვარად, სპრინტერთა კლასიფიკაციაში შაგანთან უპირატესობა, 20-დან ისევ 34 ქულამდე გაზარდა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, სლოვაკმა კოლუმბიელ ალვარო ჰოდეგს (დესონინკ ქვიკ-სტეპი) აჯობა.
რაც შეეხება ალმეიდას (დესონინკ ქვიკ-სტეპი), მან რბოლა ძირითად ჯგუფთან ერთად დაასრულა და ისევ 34 წამს უგებს მეორე ადგილზე მყოფ ჰოლანდიელ ვილკო კელდერმანს (ტიმ სანვები).







