ფეხბურთი

16:50 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის გამო რონალდუ - მესის დაპირისპირების შანსი ძალიან მცირეა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ ყველა თუ არა, ბევრი იმაზე საუბრობდა, რომ წინ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირება გველოდა.

„იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ერთ ჯგუფში მოხვდნენ, 28 ოქტომბერს, ტურინში ერთმანეთს შეხვდებიან. შესაბამისად, მართლაც დამაინტრიგებელია რონალდუსა და მესის მონატრებული დუელის ნახვა, რომელიც დიდი შანსია, რომ არ შედგეს.

კრიშტიანუს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ვინაიდან თამაშამდე ზუსტად ორი კვირაა დარჩენილი, პორტუგალიელის თამაშის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უკვე გადაწყვეტილია, რომ 35 წლის შემტევს ოთხი მატჩი გაუცდება - შვედეთის ნაკრებთან, „კროტონესთან“, კიევის „დინამოსთან“ და „ვერონასთან“. სწორედ ამის შემდეგაა „იუვე“ – „ბარსას“ მატჩი.

საყურადღებოა უეფას პროტოკოლი, რომლის თანახმად, თუ ინფიცირებულ ფეხბურთელს კონკრეტულ მატჩამდე ზუსტად 1 კვირით ადრე ტესტზე უარყოფითი პასუხი არ ექნება, მას თამაშის უფლება არ აქვს. შესაბამისად, რონალდუმ „ბარსელონას“ წინააღმდეგ რომ ითამაშოს და მესისთან მონატრებული დუელი ვიხილოთ, საჭიროა, რომ პორტუგალიელის კორონავირუსის ტესტმა უარყოფითი პასუხი 21 ოქტომბერს, ანუ ერთ კვირაში მაინც აჩვენოს, რისი შანსი მცირეა. ამის მიუხედავად, კრიშტიანუს ამ დაპირისპირებაში თამაშის დიდი სურვილი აქვს და ტურინში პირადი თვითმფრინავით ბრუნდება, სადაც კარანტინს გაივლის - მიზეზი "ბარსასთან" მატჩია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, 21 ოქტომბრამდე მისი ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა დაფიქსირდეს.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ „იუვენტუსს“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უმასპინძლებს და დეკემბერში მეორე შანსი იქნება, რომ ტიტანების გზა ისევ გადაიკვეთოს, მაგრამ მანამდე ძალიან დიდი დროა და რა მოხდება, ძნელი სათქმელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11294