ფეხბურთი

10:24 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის აფიშა: თამაში, რომელსაც დიდი ფასი აქვს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გადამწყვეტი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან აქვს. ერთა ლიგის B დივიზიონში გადასვლის საკითხიც ბედის ირონიით სწორედ მაკედონიელთა წინააღმდეგ წყდება. ამის თქმა თამამად შეიძლება - დღეს, სკოპიეში მოგებული გუნდი არამარტო კონკრეტულად ამ თამაშს, არამედ ჯგუფსაც მოიგებს და ერთი დივიზიონით დაწინაურდება. სხვათა შორის, ერთა ლიგა ის ტურნირია, სადაც საქართველოს ნაკრებს არასდროს წაუგია (6 მოგება, 3 ფრე) და წაუგებელი ერთა ლიგაზე ჩვენს გარდა მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებია.

საქართველომაც და ჩრდილოეთ მაკედონიამაც ოქტომბერში პროგრამა მინიმუმუმი შეასრულეს და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის საგზური მოიპოვეს. ამას მოჰყვა ერთა ლიგაზე საგარეო ფრეები ესტონეთთან და სომხეთთან. თუმცა, აქ შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველომ 2 ქულა დაკარგა, მაკედონიამ კი ქულა მოიპოვა - მატჩების სცენარი ამაზე მიუთითებს.

ბელარუსთან და კოსოვოსთან მოგებების შემდეგ ვლადიმირ ვაისმაც და იგორ ანგელოვსკიმაც ძირითად შემადგენლობაში 9-9 ფეხბურთელი შეცვალეს. მათ ცვლილებების გაკეთება ახლაც მოუწევთ, რადგან სერიოზული დანაკლისი აქვთ.

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან მოგების შემდეგ გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე გამოაკლდნენ, გიორგი ჩაკვეტაძე და დავით ხოჭოლავა მანამდეც ვერ დაეხმარნენ ნაკრებს, ხოლო მათ თორნიკე ოქრიაშვილიც შეუერთდა, რომელიც ასევე ვერ ითამაშებს. გიორგი აბურჯანიას წინასწარ არსებული შეთანხმების საფუძველზე „ოვიედოში“ მოუწია დაბრუნება, ხოლო ჯაბა კანკავა კი გუნდთან ერთადაა, მაგრამ დისკვალიფიცირებულია. მოკლედ, სლოვაკი სპეციალისტის არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია. და მაინც, როგორი იქნება სასტარტო შემადგენლობა? ერთი რამ ფაქტია - ვაისმა სომხეთთან ბევრი ცვლილება იმიტომ გააკეთა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან არსებული შემადგენლობიდან საუკეთესოს დაყენებას აპირებს. სომხეთთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურის გამოუყენებლობა ამაზე მიანიშნებს. სხვათა შორის, 6 დღეში სამი მატჩის ჩატარება დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს და თუ ამას ბელარუსთან უმძიმეს მატჩს და დიდ მენტალურ დატვირთვას გავითვალისწინებთ, შეიძლება ყველაფრის გაგება.

სავარაუდო შემადგენლობა

კარს სავარაუდოდ გიორგი ლორია დაიცავს, რომელიც სომხეთთან ისვენებდა. ახლა წესით, ჩვენი ნაკრების პირველმა ნომერმა ძირითადში ადგილი უნდა დაიბრუნოს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნაკრებს ოთარ კაკაბაძე აკლია. მის არყოფნაში კი ვაისს ორი არჩევანი აქვს - ჯაბა ჯიღაური, რომელმაც სომხეთთან ითამაშა და მეორე გატანილ გოლში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ პირველ გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობაც დიდია. მეორე ვარიანტი ნიკა მალია, რომელსაც დებიუტი სხვათა შორის სწორედ მაკედონიასთან ჰქონდა (თბილისში) და მისი შეცდომით სტუმრებმა გოლი გაგვიტანეს. თუმცა, მაშინ მან მარცხენა ფლანგზე ითამაშა, არადა მარჯვენა მცველია. ამ ეტაპზე, მაინც უფრო სავარაუდოა, რომ ძირითადში „დინამო ბათუმის“ მცველი იქნება.

დაცვის ცენტრში სოლომონ კვირკველია ნამდვილად დაბრუნდება და სავარაუდოდ ჯიმი ტაბიძეს შეუწყვილდება. მარცხენა ფლანგს კი ლაშა დვალი ჩაიბარებს. ყოველშემთხვევაში მათი შანსები უფრო ფასობს, ვიდრე გია გრიგალავას, გიორგი ნავალოვსკისა და მამუკა კობახიძის.

საყრდენ ზონაში ნაკრებს მთავარი ღერძი - ჯაბა კანკავა აკლია. როგორც წესი, ვაისი მას ბუბა დაუშვილით ანაცვლებს. მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს - კანკავაც და დაუშვილიც უფრო მებრძოლი და სრულად ჩაშლაზე ორიენტირებული ფეხბურთელები არიან. როგორც ჩანს, ვაისს ორ საყრდენში ერთი ასეთი სტილის მოთამაშე სჭირდება, მეორე ნიკა კვეკვესკირის (ან გიორგი აბურჯანიას, ოთარ კიტეიშვილის). მოკლედ, დაუშვილის ძირითადში გამოჩენა სიურპრიზი არ იქნება და მას კვეკვესკირი შეუწყვილდება.

შემტევი სამეული, რომელიც ფორვარდს უკან გაირჯება - მარჯვენა ფლანგიდან ლევან შენგელია ითამაშებს, ცენტრში ვაკო ყაზაიშვილი, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მის საყვარელ პოზიციაზე - მარცხენა ფლანგზე. თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნაში ეს ყველაზე პროგნოზირებადი ტრიოა. ცენტრფორვარდად კი ვაისი ალბათ ისევ ნიკა კაჭარავას დაეყრდნობა, რომელმაც სომხეთთან გოლიც გაიტანა და ურიგოდ სულაც არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი; დაუშვილი, კვეკვესკირი; შენგელია, ყაზაიშვილი, კვარაცხელია; კაჭარავა

მეტოქე

საქართველოს ნაკრების დარად საკადრო პრობლემები მეტოქესაც აქვს, რომელსაც ერთ-ერთი ლიდერი ენის ბარდი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება. ტრავმირებულნი არიან ეგზონ ბეიტულაი, დავიდ ტოშევსკი, სტეფან სპიროვსკი და არიან ადემი, ხოლო ელიფ ელმასი, რომელიც მაკედონიელთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ოქტომბრის სანაკრებო შეკრებას კორონავირუსის გამო საერთოდ ვერ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ერთა ლიგაზე სახლში 100%-იანი შედეგი აქვს - ოთხი მატჩიდან ოთხი მოგება.

ურთიერთშეხვედრები

მართლაც ბედის ირონიაა, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გზები ისტორიაში არასდროს გადაკვეთილა გასულ თვემდე, ახლაკი ჩვენთვის ყველაზე დიდ კონკურენტად იქცა და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება მის წინააღმდეგ გვიწევს.

პირველად ეს ნაკრებები 8 სექტემბერს თბილისში შეხვდნენ. თორნიკე ოქრიაშვილის პენალტს სტეფან რისტოვსკიმ უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. დღეს, ზუსტად ერთი თვის შემდეგ ისინი ისტორიაში მეორედ შეხვდებიან და ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველი ადგილის ბედი გადაწყდება, ხოლო გაივლის კიდევ ერთი თვე და ბოლო სამ თვეში მესამე და ისტორიაშიც მესამე დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გამოავლენს...

ამრიგად, საქართველოს ნაკრებისთვის ჩრდილოეთ მაკედონია ყველაზე პრინციპული მეტოქეა და ვინძლო ამ გუნდის წინააღმდეგ ორმა გამარჯვებამ ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორია დაწეროს და ძირფესვიანად შეცვალოს. ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალის მთავარი და ბოლო რეპეტიცია დღეს, 22:45 საათზე დაიწყება.

0.169479